რატი ხუციშვილი 22 წლისაა. 2 წელზე მეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში პილოტის პროფესიას ეუფლება. მისი ერთ-ერთი ბოლო წარმატება არის ის, რომ კომერციული პილოტის სერტიფიკატი მიიღო.
“სერტიფიკატის (CPL) აღების შემდეგ უფლება გეძლევა იმუშაო პილოტად და ამ ყველაფერში მიიღო ანაზღაურება. რაც შეეხება ავიაკომპანიაში მუშაობას იქ გარკვეული მოთხოვნებია.,ყველა ავიაკომპანია მინიმუმ 1500 ფრენის საათს ითხოვს, სწორედ ამიტომ ჩემი შემდეგი გეგმა არის რომ გავხდე ინსტრუქტორი (CFI) და ვასწავლო სხვებს თუ როგორ უნდა ფრენა ამასთან ერთად მივიღო ის გამოცდილება რასაც ავიაკომპანიები ითხოვენ” , – ამბობს იგი.
რატი ხუციშვილი ამერიკაში 2019 წლიდან Century Air flight training academy-ში სწავლობს და სწორედ ამ სასწავლებელში მიიღო ყველა სერტიფიკატი. იგი ამბობს, რომ ამავე სასწავლებელში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას.
პილოტობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ სულ იზიდავდა ეს სფერო. ეს პროფესია მას შემდეგ აირჩია, რაც თავისმა დამ ურჩია, შემდეგ კი, პირველად იმგზავრა თვითმფრინავით, როგორც მგზავრმა.
“ფრენა და თვითმფრინავები სულ მიზიდავდა, მაგრამ სურვილი არ მქონია, სანამ ჩემმა დამ არ მირჩია რომ პილოტი გავმხდარიყავი. იმ მომენტში ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში როდესაც პირველად ვიფრინე თვითმფრინავით, როგორც მგზავრმა, მივხვდი, რომ ეს იყო ის ერთადერთი პროფესია რისთვისაც მე დავიბადე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვითმფრინავით პირველად ვიმგზავრე 2016 წლის 27აგვისტოს და კომერციული სერტიფიკატიც 5 წლის შემდეგ, ამავე დღეს ავიღე”
რატი ამბობს, რომ წარმატებულ პილოტს სჭირდება კარგი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, ცდილობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს.
“ჩემი ხელმეორედ დაბადება” , – სწორედ ასე იხსენებს იმ მომენტს, როდესაც იგი პილოტის რანგში ჩაჯდა თვითმფრინავში და პირველი ფრენა განახორციელა.