ახალი ამბები

გორში, ტრანსპორტის სააგენტოს დაფინანსების გაზრდა სურს

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო დაფინანსებას 2022 წლისთვისაც მიიღებს. მუნიციპალურ ა(ა)იპ-ს სურს, რომ მომავალ წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრანსპორტის სააგენტოსთვის 2 მლნ 630 ათასი ლარი გაითვალისწინოს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლისთვის განსაზღვრული სუბსიდია 1 მლნ 600 ათასიდან 2 მლნ 320 ათას ლარამდე გაიზარდა, მომავალი წლისთვის კი ა(ა)იპ-ს კიდევ 310 000 ლარის დამატება სურს.

“2022 წლის ბიუჯეტის გეგმაში სააგენტოს წარდგენილი აქვს 2 630 000 ლარი, გარდა ამისა ვვარაუდობთ, რომ 730 000 ლარი საკუთარი შემოსავლებით გვექნება. პროექტი ელოდება დამტკიცებას. აქვე, შეგახსნებთ , რომ 1 600 000 დაფინანსება არ იყო განკუთვნილი სრულ ერთ წელიწადზე , საბოლოოდ 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 2 320 000 ლარს შეადგენს,“-აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, ტრანსპორტის სააგენტო მგზავრებს 2 თვის განმავლობაში უფასოდ ემსახურებოდა, გადაადგილების საფასური კი მოგვიანებით 50 თეთრით განისაზღვრა. სააგენტოს ინფორმაციით, წელს მგზავრობის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი თვეში, საშუალოდ 65 000-დან 70 000 ლარამდე მერყეობს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები