ბლოგები

ვინ ვართ ახალგაზრდა ფემინისტები?

ავტორი: მარიამ თოფჩიშვილი

ჩემი საქმიანობა ძირითადად ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფს უკავშირდება. თუმცა ამასთან ერთად, ვარ ქალთა ფონდის და ახალგაზრდული საერთაშორისო ფემინისტური ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ამჟამად, ფონდის ეგიდით ყირგიზულ ფემინისტურ ჯგუფთან ერთად ვმუშაობ და მათ ორგანიზაციულ განვითარებაში ვეხმარები. ამ ყველაფერთან ერთად, ვარ  გაეროს განვითარების პროგრამის, მშვიდობის და უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემთა ანალიტიკოსი.

ჩვენ, ახალგაზრდა ფემინისტები

ახალგაზრდა ფემინისტები მრავალი მიმართულებით საქმიანობენ. ამჟამად 3 პრიორიტეტული მიმართულება გვაქს გამოყოფილი:

  • შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების (14-29) ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის შესახებ;
  • სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვადასხვა ასაკის ქალების აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა ასაკის ქალების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ადვილი არასდროს ყოფილა ეს მიმართულება სამუშაოდ, თუმცა ბოლო დროს უფრო რთული გახდა. ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი განაპირობებს: უმთავრესი იყო პანდემია, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ჩვენი სამუშაო გარემო, რიტმი და სტილი, თუმცა ამას ემატება სიძულვილის ჯგუფების არსებობა, რომელთა ძალადობრივი ქცევაც 5-6 ივლისის მოვლენების დროს დავინახეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ფემინიზმი ზოგადად სოლიდარულია და თავის თავში მოიაზრებს ლგბტქი+ საკითხებზე მუშაობას, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ამ კუთხით საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში დაგროვილი სიძულვილი. 

ხშირად აქტუალურია კითხვა: რატომ ახალგაზრდები?

ახალგაზრდები არიან მთავარი აქტორები ცვლილებების მიღწევის პროცესში. ისინი არიან მომავალი, რომელსაც განვითარების პროცესში დახმარება და მიმართულების ჩვენება სჭირდებათ. ასევე ბევრი ინფორმაციის და შესაძლებლობების მიცემა, რადგან წინა თაობებისგან განსხვაებით, პროგრესისკენ, თავისუფლებისგენ აიღონ გეზი.

ჩვენი ბრძოლა დაუსრულებელია, იმიტომ, რომ ქალები მარგინალიზებულები არიან პატრიარქალური სტერეოტიპებით სავსე მსოფლიოში და ეს სტერეოტიპები, თუ კულტურული ნორმები ჯერ კიდევ მძლავრია საქართველოში. ქალები უამრავი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დგანან. ამ პროცესში კი მათ მხარდაჭერა და გაძლიერება სჭირდებათ.

ვისურვებ, საზოგადოება იყოს უბრალოდ სოლიდარული და ემპათიური. თუ ყველას შგვეძლება იმის წარმოდგენა თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი გარკვეულ მდგომარეობაში, ყველა მზად ვიქნებოდით სხვების დასახმარებლად.

ამჟამად, ჩვენი ორგანიზაციის უახლოესი მიზანი არის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო ფსიქოლოგიური სერვისის შეთავაზება, რომელსაც მალე დავიწებთ და ასევე, ბევრი აქტივობა გვექნება ახალგაზრდებისთვის: დებატები, ფემინისტური წიგნების საჯაროდ კითხვა და ა.შ.

შორეული მიზანი კი ქალებისთვის იურიდიული დახმარების შეთავაზება და მათთვის სასწავლო/სოციალური მეწარმეობის საინიციატივო გრანტების გაცემაა.

ვფიქრობ, ეს ნაბიჯები მცირედით მაინც დაეხმარება ქალთა გაძლიერებას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები