ბლოგები

ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში

ავტორი: ირაკლი რაზმაძე, გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის გორის რაზმის ხელმძღვანელი

ჩემთვის, ისტორიულად საქართველოს ოკუპაცია დაწყებულია ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დღიდან, რომელიც დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ასეულობით საქართველოს მოქალაქე შეეწირა და ეწირება. მოსახლეობას საკუთარ ბაღებიდან იტაცებენ და არ ეძლევათ საშუალება, რომ იმუშაონ მათ კუთვნილ მიწაზე.

ოკუპაცია ჩემთვის ეს არის უდიდესი ტკივილი  ასობით ათასი თანამოქალაქის იძულებით გადაადგილება საკუთარ სამშობლოში და დევნილებად გადაქცევა.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მალევე 2009 წელს, ლეგიონის შექმნის შესახებ იდეა გაჩნდა. 2013 წელს საფუძველი ჩაეყარა და შეიქმნა გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონი პაატა გიგაურისა და გიორგი რაზმაძის მიერ თბილისში. ხოლო უშუალოდ გორში, პირველი სასწავლო კურსი მივიღეთ 2016 წელს და მას შემდეგ აქტიურად ვაგრძელებთ ახალგაზრდებში სამხედრო და სალაშქრო თემატიკების პროპაგანდასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას.

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სამხედრო და სალაშქრო თემატიკების პროპაგანდირება და გავრცელება; ასევე სამხედრო თემატიკების გაცნობა და იმ ახალგაზრდების ხელშეწყობა, ვინც აპირებს შეიარაღებულ ძალებში მსახურობას.

ლეგიონში მოდიან 14 დან 21 წლამდე ახალგაზრდები განურჩევლად სქესისა, რადგან ჩვენ საკმაოდ აქტიური სასწავლო კურსი გვაქვს. აუცილებელია, რომ ახალგაზრდამ წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რათა ზედმიწევნით დავიცვათ მათი უსაფრთხოება. ამჟამად, გორის რაზმი აერთიანებს დაახლოებით 70 ახალგაზრდას, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებულნი.

მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ ყველამ იბრძოლოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან გავაცნოთ ახალგაზრდებს, თუ რას წარმოადგენს ოკუპაცია, რა სირთულეები თუ პრობლემები მოაქვს სახელმწიფოსათვის და როგორ უნდა ებრძოლონ მას მომავალში.

საქმოქალაქო აქტივიზმია სწორედ მნიშვნელოანი ქვეყნის მართვაში, ასევე ოკუპაციასთან ბრძოლაში. აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, თუ რას წარმოადგენს ოკუპაცია და რა საფრთხის მატარებელია ჩვენი ქვეყნისათვის.

მინდა ყველას შევახსენო, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომ ომი არ დასრულებულა, იგი კვლავ გრძელდება საბრძოლო ვითარების გარეშე. განუწყვეტლივ ვკარგავთ ჩვენს ტერიტორიებს, რაზეც სამწუხაროდ საზოგადოება დუმს. სანამ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსეთის მიერ ბრძოლა არ დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში.

დატოვეთ კომენტარი