ახალი ამბები

მეუფე ანდრია: ნუ გახდით საკამათოს ვაქცინაციის საკითხს

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, რომ არ ჩაერთონ ვაქცინაციის შესახებ გამართულ დისკუსიებში. მისი განმარტებით, დღეს ინფორმაციის მოძიება ყველასთვის ხელმისაწვდომია და გადაწყვეტილების მიღებაც მათზეა დამოკიდებული. მეუფე ანდრიას შეფასებით, პოლიტიკურთან ერთად დღეს საზოგადოების პოლარიზაცია ვაქცინაციის თემითაც ხდება, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ უნდობლობას იწვევს ეჭვები, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან ღია განმარტებებით უნდა იქნას აღმოფხვრილი. შექმნილ ვითარებაში მეუფემ მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

“ზოგიერთი პირდაპირ მინიშნებას და პასუხს ითხოვს ეკლესიისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მე არ ვარ არც ვირუსოლოგი, არც ინფექციონისტი, მედიკოსი არ ვარ საერთოდ. მე თვითონაც უნდა მოვისმინო მათი რჩევა და მოსაზრებები, სწორედ ამის საფუძველზე რაღაცას უნდა ვენდო, ან რაღაც არ იყოს ჩემთვის მოსაწონი. ამიტომ ეკლესიის შვილებმა ეს საკითხი დაპირისპირების მიზეზად არ უნდა ვაქციოთ. არც ერთმანეთთან და არც სხვასთან ვინც არ არის ეკლესიის წევრი. ეჭვები არსებობს და ეს იწვევს უნდობლობას. მე პირადად ვისურვებდი, რომ ისეთი საკითხები, რომელიც ეჭვს ბადებს, იყოს განმარტებული. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებმა უნდა დადონ ღია ინფორმაცია. საქართველოს საპატრიარქოს ჰქონდა ამაზე განცხადება, რომ პასუხები არის გასაცემი მთელ რიგ კითხვებზე და ეს კითხვებიც იყო ჩამოთვლილი. მათ შორის იყო მაგალითად, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რატომ დაიწყო? როცა ამ ყველაფერზე პასუხი იქნება, ადამიანს ეჭვები აღარ გაუჩნდება”,-აღნიშნა მიტროპოლიტმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.