ახალი ამბები

გორელი ძიუდოისტები ტოკიოდან დაბრუნდნენ – მათ საზეიმო დახვედრა მოუწყეს

“გორი ამაყობს თქვენით” , – ასეთი წარწერით დახვდნენ ტოკიოდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილს და ლაშა შავდათუაშვილს თბილისის აეროპორტში.

ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები, ტოკიოდან თბილისში, წუხელ გვიან ღამით ჩამოფრინდნენ. მათთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის ძიუდოისტთა ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალი აიღო ლაშა ბექაურმა, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი.

მარგველაშვილი და შავდათუაშვილი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლები, აგრეთვე ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის” წევრები არიან.

მარგველაშვილისთვის, ეს პირველი ოლიმპიური მედალი გახლდათ, შავდათუაშვილმა კი ტოკიოში მესამე ოლიმპიური მედალი აიღო, აქამდე ის ოქროს და ბრინჯაოს მედლებს ფლობდა, რომლებიც შესაბამისად, ლონდონის (2012) და რიო დე ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადზე კიდევ ორი გორელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 3 აგვისტოს მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე იასპარეზებს, 5 აგვისტოს კი საჭიდაო ხალიჩაზე თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გავა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები