“ჩემი სურვილია, მოგზაურებს ვაჩვენო, რომ ჩვენ, ახალგაზრდა თაობა, აღარ ვცემთ თაყვანს საბჭოთა ლიდერს და ყველაფერს ვაკეთებთ დემოკრატიული და პროევროპული გზის გასავლელად”, – ასეთ აღწერას წაიკითხავთ ერთ-ერთ გავლენიან საერთაშორისო ტურისტულ ვებ-გვერდზე.
ჟანა ოდიშვილი ცდილობს, ტურისტები დააინტერესოს გორით და აჩვენოს, რომ ეს ქალაქი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ადგილი, სადაც დაიბადა იოსებ ჟუღაშვილი.
ჟანა თავდაპირველად გორში არსებულ ერთ-ერთ ჰოსტელში მუშაობდა. სწორედ იქ შენიშნა, რომ ქალაქში ყველა ტურისტი იმისთვის მოდიოდა, რომ სტალინის მუზეუმი ენახა. ისიც შენიშნა, რომ ქართული ტურისტული ბაზარი მომხმარებელს გორში ვიზიტისას, სტალინის მიღმა, ვერაფერს სთავაზობდა.აქედან გაჩნდა იდეა – შეექმნა ისეთი ტური, სადაც ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებოდათ, სტალინის მუზეუმის გარდა ენახათ გორის ღირსშესანიშნაობები.
“მიმაჩნია,რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს ეს მუზეუმი, მიუღებელი უნდა იყოს 21-ე საუკუნის საქართველოსთვის, თუკი ჩვენ ევროპისკენ ვისწრაფით. ვთვლი, რომ საბჭოთა კავშირი იყო უდიდესი ბოროტების იმპერია. თან მნიშვნელობა აღარ აქვს ახლა კარგი იყო თუ ცუდი. მორჩა, წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი და რაღა აზრი აქვს ამ ნოსტალგიას?”, – ჟანა რიტორიკულ შეკითხვას სვამს.
იგი ამბობს, რომ სურდა ტურისტებს გორი ისეთი დაენახათ, როგორიც მას უყვარს: უძველესი ისტორიული ქალაქი, პირველი თეატრი, იაკობ გოგებაშვილის სამშობლო და ა.შ.
ჟანა გვეუბნება, რომ ტურისტებს, რომლებიც მასთან ჩამოდიან, ხშირად ესაუბრება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, მცოცავ ოკუპაციაზე და რუსულ აგრესიაზე. თვლის, რომ ეს მისი მხრიდან, ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს რეალურად რა ხდება.
“მე მიყვარს ჩემი ქალაქი. ამიტომ მინდა, რომ ის უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს, როგორც სხვა ქალაქები. მაგალითად, ძველ გორში მიმყავს, წერეთლის ქუჩაზე. ამდენი ფული დაიხარჯა მის რეაბილიტაციაში და ამ დროს იქ მეორადების მაღაზიებია.ნუთუ ძნელია, რომ გაკეთდეს სუვენირებს მაღაზიები ან რამე სხვა ადგილები ტურისტებისთვის საინტერესო?!”
მისი საქმიანობა პანდემიამ შეაფერხა, თუმცა 2021 წლის ზაფხული როგორც თავად ამბობს, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. სტუმრები ჰყავს ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან, ასევე ავსტრალიიდან, აფრიკიდან და არგენტინიდან.
“highly recommended” ანუ რეკომენდირებულია – მეტი, ვიდრე სტალინის სამშობლო – თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებული ტურისტები, ჟანას ტურის შეფასებაში, სწორედ ამას წერენ.