გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია იგეგმება.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გორში გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
კომისიამ განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, 2008 წელს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.
“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული საჭიროებების განხილვასთან ერთად, კომისიამ მოისმინა ინფორმაცია სოფლებში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, 2020-2021 წლებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 21 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელს, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 1997 ადამიანი სარგებლობს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით და აქვს საშუალება ისარგებლოს მთაში მაცხოვრებლებისათვის დადგენილი ყველა სოციალური თუ ეკონომიკური სარგებლით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია 2013 წლის 4 ოქტომბერს შეიქმნა. გამყოფი ხაზის მიმდებარედ სტატუსი მინიჭებული აქვს აქვს 116 სოფელს, საიდანაც 80 მაღალმთიანი დასახლებაა, ხოლო სულ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის რაოდენობა (2014 წლის საყოველთაო აღწერით) შეადგენს 46 352 ადამიანს.