ბლოგები

როგორ იქცა ჰობი პროფესიად?

ავტორი: თამარ ტაველიძე

პროფესიით კულტურის მენეჯერი, ფოტოგრაფი და გრაფიკული დიზაინერი ვარ. ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება, მისი მრავალფეროვნება და უსასრულო შესაძლებლობები. მომწონდა, როგორ შეეძლო ადამიანს გამოეხატა ის განცდები და ემოციები, რომლებსაც სიტყვით ვერ გადმოსცემდა. ახლაც კი მახსოვს ჟურნალები, რომლებში ნანახი ფოტოებითაც მონუხსული ვიყავი და მათ ძალიან ხშირად ვათვალიერებდი.

თავიდან ფოტოგრაფია ჰობი იყო.

პატარა ციფრული ფოტოაპარატი მქონდა, რომლითაც ყველაფერს ვიღებდი, რაც კი ჩემს ყურადღებას იპყრობდა. მომწონდა ადამიანების სახეები, მათი ემოციების, საცხოვრებელი გარემოს პატარა დეტალების ასახვა, ასევე, ბუნება და ბუნების საიდუმლოს კვლევა. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს ფოტოებს რაღაც აკლდა, თითქოს ჩანაფიქრის ბოლომდე გადმოცემას ვერ ვახერხებდი.    

გრაფიკული დიზაინის სწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ხედვა მნიშვნელოვნად შემეცვალა – ის ფერები აღმოვაჩინე, რომლებსაც ადამიანის თვალი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ აღიქვამს.

შემდეგ შევეცადე, ჩემი ფოტოები ისე დამემუშავებინა, რომ უფრო მეტი ემოცია გადმომეცა, უფრო მიმეახლოებინა ჩანაფიქრთან და მოულოდნელ ცვლილებებსაც დავკვირვებოდი. ზოგადად, მიყვარს საგნების, მოვლენების განსხვავებული  მხარეების აღმოჩენა და ყურადღების მიქცევა იმისათვის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს; კავშირების გაბმა ობიექტებს, ფერებს, იდეებს შორის, შეუთავსებლის შეთავსება, სხვადასხვაგვარი ნარევები.

წლების წინ, როცა ფოტოგრაფიის სწავლა მინდოდა, ჯერ კიდევ არ იყო ამდენი კურსი და არც ის ვიცოდი, ვისთვის უნდა მიმემართა.

ფოტოებს ვიღებდი, თვალები, ხელები და გონება თავისით მოქმედებდნენ – რაღაცას სწორად ვაკეთებდი, რაღაცას – არა. ფოტოებს არსად ვტვირთავდი და ჩემი ჰობის შესახებაც მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა. 

ერთ დღესაც მეგობარმა მირჩია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სტუდენტურ სახელოვნებო გამოფენას აწყობს, დამწყები ფოტოგრაფების ნამუშევრებსაც იღებენო. გავგზავნე ჩემი ფოტოები და მეორე დღესვე დადებითი პასუხი მივიღე. ასე გამოიფინა პირველად ჩემი ნამუშევრები.

მერე მცირე კონკურსებში ვმონაწილეობდი, პატარ-პატარა ჯილდოებსაც ვიღებდი. რა თქმა უნდა, მინდოდა, მეტი მცოდნოდა იმ საქმის შესახებ, რომელიც მიყვარდა და ბოლოს გადავწყვიტე, ნათელა გრიგალაშვილის კურსი გამევლო. და აი, აქ დაიწყო საოცრებები და სასწაულები. თითქოს სულ სხვანაირად დატრიალდა ყველაფერი. ნათელა გრიგალაშვილის უზომოდ საინტერესო, დაუვიწყარმა ლექციებმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მივხვდი, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი, როგორ შეიძლებოდა მიმეგნო ჩემი სტილისათვის.

ასე ნელ-ნელა გადაიზარდა ჰობი პროფესიაში.

ამასობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში, გორში ფოტოგრაფთა გაერთიანება ყოფილა. მისი წევრი გავხდი და იმ ხალხს დავუახლოვდი, რომელზე კარგიც არსად არავინ მეგულება. ფოტოგრაფთა კლუბმა ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ ხელოვნების სახლი დაარსა, სადაც გაიმართა გამოფენა „19 კითხვა“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი. უამრავი საინტერსო ნამუშევარი გამოიფინა. ჩემი მოტივაციაც კიდევ უფრო გიზარდა.

მიყვარს მეორე პროფესიაც – გრაფიკული დიზაინი.

მისი სწავლა სპონტანურად დავიწყე, ახლა კი ამ პროფესიით ვმუშაობ და დიდ სიამოვნებასაც ვიღებ. ისე მოხდა, რომ ჩემი პროფესიები სამყაროს უსასრულობის იდეას უკავშირდება, რაც მუდმივი შთაგონების წყაროა. უკიდეგანოდ დიდ შესაძლებლობებს ვხედავ. უამრავი გზაა, რომელსაც შეიძლება გავყვე. სწორედ ეს მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას და ინტერესს მიჩენს. ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ საქმე და შემოსავლის წყარო კი არაა, არამედ გართობა, სიხალისე, სიახლის ძიება.

მომწონს, რომ ჩემს აზრებს, სამყაროს ხედვას შექმნილი ნამუშევრებით  გამოვხატავ. ყველაფერში მრავალი კუთხის დანახვა მიყვარს. როდესაც ფოტოს, გრაფიკულ ნამუშევარს ან თუნდაც მათ ნაზავს ვუყურებ, ვფიქრობ, რამდენნაირად შეიძლება აღქმა – რამდენი შინაარსი შეიძლება ჰქონდეს, რამდენ იდეას შეიძლება გადაებას.  დამწყებებსაც ამას ვურჩევ. ეძიონ უფრო მეტი, რადგანაც სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და  ერთ ადგილას გაჩერება მოსაწყენი მგონია.

დატოვეთ კომენტარი