ბლოგები

რატომ მიყვარს ბანაკი?

ავტორი: ხატია ხუციძე

ბანაკს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, “ტონთიო” ჰქვია. ჩემი მშობლები და მათი თაობა დადიოდა ჯერ კიდევ აქ, რამაც გავლენა იქონია პირადად ჩემზე და დიდი იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს ისტორია და თაობიდან თაობას გადაეცემა.

აქ ტურები ყოველთვის იყო და არის სახალისო და მრავალფეროვანი. ჩვენ ვაწყობთ საფეხმავლო, საცხენოსნო, პოლიგრიმულ ტურებს. ახლა ტანას ხეობაში ვართ, ბანაკიც ულამაზეს ადგილზე გვაქვს გაშლილი და ეს საოცარი სანახაობაა ყველასთვის.

მე ახლა უკვე ბანაკის ერთ-ერთი ლიდერი და სხვადასხვა ღონისძიებებს ვგეგმავ. ჩართული გვყავს ძირითადად ახალგაზრდები და ბანაკის მიზანიც ის არის, რომ მათში ჩამოვაყალიბოთ მთის, სამშობლოს სიყვარული, ერთად მოვუაროთ მას, ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე და ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით.

რთ-ერთ საფეხმავლო ტურზე თან დავასუფთავეთ გარემო, თან საქართველოს დროშა აღვმართეთ.

გარდა ამ ყველაფრის, ვთანხმდებით, რომ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები შეუცვლელია და სწორედ ეს ბანაკები უწყობს ხელს ახალ ურთიერთობებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წამოვა – ჩამოსული ტურისტი, ადგილობრივი, უფროსი თუ უმცროსი თაობის წარმომადგენელი, აქ ძალიან ლაღი და ხალისიანია განწყობა, რასაც ბანაკის ხელმძღვანელობაც განაპირობებს და ალბათ, წამოსვლის კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს არის.

რატომ უნდა წავიდეთ ბანაკში?

ბანაკი ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენების ალეტერნატივაც არის. უამრავი აქტივობა გვაქვს ბანაკში, რის გამოც ჩვენთან ვერ მოიწყენ და მეტიც, სხვადასხვა უნარ-ჩვევასაც განივითარებ. ჩვენი დღე დილის 8 საათზე იწყება მსუბუქი ვარჯიშით და საუზმის შემდეგ გვაქვს საფეხმავლო გასვლები და უკვე დაბრუნებულები, სადილის შემდეგ, ვიწყებთ ე.წ. ჩემპიონატებს – ფრენბურთში, ფეხბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში.

აუცილებლად ვაბალანსებთ ამას ინელექტუალური აქივობებით – ვმართავთ დებატებს და იმიტირებულ სასამართლოებსაც. ბოლოს კლუბი გამარჯვებულებს აჯილდოებს.

მინდა, ყველამ იაროს მთაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა და აღარ დასვან კითხვა – რა გინდა, რას დადიხარ მთაში? – რადგან მთაში ამას არავინ გეკითხება, აქ ზუსტად ვიცით, სად ვართ და რა გვინდა.

დატოვეთ კომენტარი