აჭარის ფესტივალიდან დაბრუნებული ერთ-ერთი ანსამბლის ხელმძღვანელი მოზარდების ინფიცირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფესტივალზე ყველა საჭირო რეგულაცია დაცული იყო.
მისი განმარტებით, მშობლებიანად 75 ადამიანი იმყოფებოდა ბათუმში, სადაც ფესტივალი ჩატარდა და რამდენიმე დღით ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდნენ.
“ინფიცირებული 3 ბავშვიდან ერთი ჩვენი წამოსვლის შემდეგ დარჩა აჭარაში დასასვენებლად. მხოლოდ ახლა დაბრუნდა და აღმოაჩნდა ვირუსი. მე პირადად დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ სასტუმროში, სადაც ვიყავით, ყველა რეგულაცია იყო დაცული და გამორიცხულია იქიდან რამე გავრცელებულიყო”, – გვეუბნება ანსამბლის ხელმძღვანელი.
მისი ინფორმაციით, გორში დაბრუნებისთანავე მშობლებს ურჩია, რომ სწრაფი ტესტი გაეკეთებინათ და ამ მხრივ გადაემოწმებინათ საკუთარი და ბავშვების მდგომარეობა, რაც ყველამ არ გაითვალისწინა.
“ჩამოსვლისთანავე ვუთხარი მშობლებს, რომ თავი დაეზღვიათ და ტესტი გაეკეთებინათ. უმრავლესობამ მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ტესტის ჩატარება, 10 დღის შემდეგ. ანსამბლის პასუხისმგებლობის საკითხს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ რაც მოგვეთხოვებოდა, ყველა რეგულაცია დაცული გვქონდა”.
მისივე თქმით, ფესტივალში გორიდან ცეკვის სხვა ანსამბლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ინფიცირების შემთხვევებს არ ახმაურებენ.