გორის მერია კორუფციასთან ბრძოლას იწყებს. უწყების ცნობით, ამ მიზნით მათ უკვე შეიმუშავეს კორუფციის რისკების შეფასების მეთოდოლოგია.
“მეთოდოლოგიის მიზანია, ხელი შეუწყოს გორის მერიას კეთილსინდისიერი და კორუფციული რისკებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაში, რომელიც კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეფუძნება”, – აცხადებენ მერიაში.
უწყება დოკუმენტის პირველად ვერსიასაც ავრცელებს.
როგორც მერიაში ამბობენ, მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეუძლიათ რეკომენდაციების წარდგენა და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ სამუშაო შეხვედრების გამართვა.
“ჩვენი ელ.ფოსტის მისამართია:info@gori.gov.ge. ასევე, დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონით ნომერზე: 599 85 17 88. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოგვიდგინონ რეკომენდაციები”, – განმარტავენ მერიაში.
აღნიშნული მეთოდოლოგიის შემუშავებას გორის მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2021-2023-ის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.