ერთ-ერთი, რაც შეიძლება გორის სიმბოლოდ მივიჩნიოთ, ქალაქის ცენტრში მდებარე ციხეა. გორის ციხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ზოგიერთი მათგანს დღემდე ყველაზე ხშირად ჰყვებიან.
“ერთ დროს, ათასი წლის წინათ, მთელი ეს ვაკე წყლით იყო დაფარული, რომლიდანაც ახლანდელი ციხის მთა უპატრონო კუნძულივით ამოზიდულიყო. დედოფალი თამარი სანადიროდ წამოსულა აქეთ მხარეში. მას ხელზე ეჯდა საუცხოო და საყვარელი მიმინო. მიმინო მტრედს გამოუდგა, მაგრამ ვერ დაიჭირა; პატრონის ძახილის მიუხედავად, ტბისკენ გაფრინდა და დაეშვა კუნძულზე – ახლანდელი ციხის მთაზე. დედოფალმა მიმინოს უკან მომყვანს აღუთქვა ნახევარი საბრძანებლო. მამაცი ახალგაზრდა მხედარი ცხენდაცხენ შევიდა ტბაში და მიცურდა კუნძულთან, დაიჭირა მიმინო, მაგრამ უკან გამოსვლისას ცხენი, მხედარი და მიმინოც ტალღებმა შთანთქეს. დედოფალმა ბრძანა ტბის წყლის გადაგდება მტკვარში; ამის შემდეგ მთაზე ააგო ციხე და მარტოკამ მწუხარებაში აღასრულა იქ ცხოვრება.“
ეს ლეგენდა გორის ციხის შესახებ, აუგუსტ ჰაქსტჰაუზენს ერთ-ერთმა გორელმა მოუყვა. გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა საქართველოში 1843 წელს იმოგზაურა. ნაწარმოებში, “საქართველოს შესახებ”, მან გორსა და გორის ციხესთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ფაქტი აღწერა.
ისტორიულ წყაროებში, გორი პირველად VII საუკუნის პირველი ნახევრის ამბებთან იხსენიება. როგორც გადმოცემა მოწმობს, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა – არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი გორში ჩაფლა. ისტორიკოს ჯუანშერის მიხედვით, ამ სამალავს "ტონთიო" ეწოდება, რაც ნიშნავს "ოქროს მთას". ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქ გორის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს, რაც XII საუკუნის დამდეგს უნდა მომხდარიყო.
ქალაქ გორზე შედარებით მეტი ცნობები მოგვეპოვება XVIII საუკუნის ბოლოდან. მონღოლებთან ბრძოლით დასუსტებულ საქართველოს კავკასიის მთების გაღმა ბინადარი ოსები შემოესიენ და გორი აიღეს. ისინი განდევნა გორიდან გიორგი ბრწყინვალემ XIV საუკუნის 20-იან წლებში მხოლოდ სამი წლის ალყის შემდეგ.
1474 წელს გორი ნახა სპარსეთში მიმავალმა ვენეციელმა კონტარინიმ. მისი თქმით, აქ ხის ციხე მდგარა. იმავე ხანებში საქართველოს დიდი ჯარით შემოესია ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი, რომელმაც აიღო თბილისი და გორი. 1479 წელს კი კონსტანტინე II სხვა ციხეებთან ერთად გორიც დაიბრუნა და ყველგან თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. მე-XVI საუკუნის შუა ხანებში საქართველოს რამდენჯერმე შემოესია შაჰ-თამაზი, აიღო თბილისი, მაგრამ გორის აღება, რომელიც ამ დროისთვის ქართველ მეფეთა მთავარი დასაყრდენი იყო, ვერ შეძლო. მხოლოდ მეოთხედ შემოსევის დროს და ისიც მცირე ხნით მოახერხა მან გორის ციხის აღება. მომდევნო წლებში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. სიმონ I, რომელიც ირანის ტყვეობიდან ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაანთავისუფლეს, რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ციხის აღება. მან ალყა შემოარტყა გორს და ცხრა თვის განმალობაში არ მოუხსნია. ბოლოს მეფემ ხერხი იხმარა. ოსამალებმა იცოდნენ, რომ იწყებოდა დიდი მარხვა და ასეთ დროს ქართველები ომს ერიდებოდნენ. მან ეს გამოიყენა და ერთ ღამეს მეომრები უხმოდ შემოერტყნენ ციხეს, მიადგეს კიბეები და გადაეშვნენ ციხეში. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მათ აიღეს გორის ციხე.
XVII საუკუნის დასაწყისში გორი კვლავ ქვეყნის ცენტრი ხდება, როდესაც ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შაჰ-აბასმა დახმარება საქრთველოს სთხოვა და მისგან უარი მიიღო, იგი შემოესია ქვეყანას. ქართლის და კახეთის მეფეები გაეცალნენ და იმერეთში გადავიდნენ. შაჰ-აბასმა დაიპყრო ქვეყანა და გორს დადგა, შემდეგ უკან გაბრუნდა. ამ დროს გორის ციხე საკმაოდ დაზიანებულა. საქართველოში მეფედ განწესებულმა გამაჰმადიანებულმა როსტომმა შეაფასა რა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, მაშინვე დაიწყო ციხის აღდგენა.
მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. გორის ციხე ზარბაზნებითაც ყოფილა შეიარაღებული.
ციხეში კი ას კაციანი გარნიზონი მდგარა, მუდმივად ასი კაციხ ციხეში ყოლა იმდროისათვის არცთუ ისე უმნიშვნელო ფაქტია.
XVIII საკუნის დასაწყისში გორის ციხე ისევ საიმედოდ ითვლება. ვახტანგ VI ხშირად იყო გორში. მისი რუსეთში წასვლის შემდეგ, ქართლში თურქების ბატონობის დროს, გორის ციხე მტერს ეჭირა. იგი დაიბრუნა სარდალმა გივი ამილახვარმა. ოსმალებს წინააღმდეგ ქართველებმა ჩვეულ ხერხს მიმართეს, ირანი მოიშველიეს. მაგრამ ნადირ-შაჰმა ქართლი გააპარტახა და გორის ციხე დაიკავა და დააზიანა. თეიმურაზ მეფემ მხოლოდ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ XVIII საუკუნის 40-იან წლების ბოლოს დაიბრუნა გორის ციხე.
ციხეს თხრილიც ქონდა შემოვლებული. ამ თხრილის სიგრძე-სიგანე ადრეულ საუკუნეებში არ ჩანს, მაგრამ გვაქვს 1773 წელს შედგენილი ერეკლე II მიერ ხელმოწერილი ერთი საბუთი, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა ამ თხრილის სიღრმე იყოს ოთხი მეტრი, ხოლო სიგანე – ხუთი მეტრიო, თხრილში იდგა მდინარიდან გამოყვანილი წყალი. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. მე-XIX საუკუნეში გორის ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.
ამჟამად, გორის ციხისაგან დარჩენილია ის, რაც 1920 წლის მიწისძვრას გადაურჩა – ციხის მცირე ფრაგმენტები.
გორის ციხე შედგება ორი დიდი მონაკვეთისაგან: ზედა პლატოზე მდებარე ოვალური ციტადელისა (180X40; კედლების სიმაღლე შიგნიდან 1-3 მ, გარედან 10 მ; კედლის სისქე საშუალოდ 2 მ) და დასავლეთით ფერდობზე ნაგები `ცხრაკარასგან~. ციტადელის აღმოსავლეთ მონაკვეთში მცირე ეკლესიის ნანგრევებია.
ციხე ძირითადად ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ნაგებობას ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი. ძირითადი ნაწილი აღდგენილია 1632-33 წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხე 1774 წელში მიიღო.
1920 მიწისძვრამ დაანგრია ციხის ზედა ნაწილი და ეკლესია. გორის ციხის შემორჩენილ ქვედა ყრუ კედლებს გასამაგრებლად სხვადასხვა დროს გარედან მიაშენეს კონტრფორსები. ციხის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. XVII-XVIII საუკუნეებში შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაში იყო. აქ იდგა კოშკი, რომლისგანც შემორჩენილია მხოლოდ კამაროვანი ჭიშკარი. გორის ციხეს დასავლეთით ჰქონდა გვირაბი მდინარიდან წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.
გორის ციხეზე არის კიდევ ერთი ლეგენდა: თურმე ძველად ომის დროს, გორის ციხის ადგილას ერთი გამორჩეული ქართველი ვაჟკაცი მტერს ისრით განუგმირავს. ქართველ ერს კი ვაჟკაცის დაკრძალვაზე, საკუთარი კუთხეებიდან თითო მუჭა მიწაა ჩამოუტანიათ და მეომრის საფლავზე მიმოუყრიათ, სადაც შემდგომ მთა წარმოქმნილა და იქაურებს გორის ციხე აუშენებიათ.