ადამიანები ისტორიები

ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ხელმძღვანელობს

ქალი, რომელიც თავადაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, უკვე წლებია, გორში  ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარს ხელმძღვანელობს.

“2001 წელს შევუერთდი ამ ორგანიზაციას და შევუდექი საქმიანობას, რაც უფრო ღრმად ჩავიხედე ამ საქმეში, მით უფრო კარგად დავინახე, როგორ დღეში ვართ ქალები და როგორ ხშირად ვხვდებით ძალადობის მსხვერპლები.“

ლამარა შაყულაშვილმა ძალადობის შემთხვევებზე მუშაობის პარალელურად, გაიაზრა, სად და რა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა თვითონაც. 

“მივხვდი, რომ მეც ვიყავი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი, სახლში სამსახურში. თავიდან რთული იყო ამის გაცნობიერება. ერთხელ ფსიქოლოგი ჩამოვიდა და ტრენინგი ჩაატარა გენდერზე, დასვა 10 კითხვა –  ლამაზი ქალი უნდა იყოს თუ კაცი, დავწერე ქალი; ფიზიკურად ძლიერი ქალი უნდა იყოს თუ კაცი, მივუთითე კაცი და ასე… ბოლოს აღმოჩნდა, რომ 10 კითხვიდან 9 მქონდა შეცდომით, გენდერულად იმდენად არ ვიყავი მგრძნობიარე. ბევრი ბრძოლა დამჭირდა ჯერ საკუთარ თავთან მენტალურად რომ დამეღწია თავი მსგავსი აზრებისთვის და მერე დავხმარებოდი სხვებს“.

ლამარას თქმით, ქალებს დღემდე უჭირთ იმის გააზრება, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან. ამბობს, რომ ეტაპობრივად ვითარება იცვლება, თუმცა არასახარბიელო ტემპით. 

“პროექტის ფარგელებში გვქონდა ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებდა, ნებისმიერ დროს უნდა დაერეკა მსხვერპლს და ეთხოვა დახმარება, ერთი თვე ისე გავიდა, არავის დაურეკავს. მერე ჩემი თანამშრომლები სატელეფონო წიგნიდან შემთხვევითობის პრინციპით ვრეკავდით და ვეკითხებოდით, ხომ არ იცოდნენ ძალადობის შესახებ ფაქტები, ისინიც ჰყვებოდნენ უამრავ ფაქტს, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ეს მის მეგობარს ან ახლობელს შეემთხვა და არა მას, იმიტომ რომ მენტალურად რთულია ეს აღიარო, რომ შენ დაგემართა, მსხვერპლი რომ ხარ. ეს ახლაც რთულია და წლების წინ ხომ საერთოდ ლაპარაკიც იკრძალებოდა“.

საკუთარ მიღწევებზე საუბრისასაც კი, ლამარას თავშესაფრის წარმატებული პროექტები ახსენდება.

„ქალი იყო ჩვენთან და ჰყავდა სამი შვილი. უფროსს შვილს ჰქონდა მამის გვარდი. დანარჩენებზე კი ამბობდა, რომ  ჩემი შვილები არ არიანო, არადა, ძალიან ჰგავდნენ დედმამიშვილები ერთმანეთს. კაცს არ უნდოდა ალიმენტის გადახდა და ამბობდა, რომ ბავშვები მისი არ იყვნენ. მაშინ დეენემის ფული არ გვქონდა, შევიტანეთ საქმე სასამართლოში და დავიწყეთ დავა. სასამართლო ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა, მამად ცნო და ალიმენტიც დააკისრა. ჩემ ცხოვრებაში ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება, ისე გამიხარდა ამ საქმის მოგება”.

ლამარასთვის თავშესაფრის ხელმძღვანელობა რთულია, მაგრამ – ყველა წარმატებული პროექტი იმედის და მოტივაციის მიმცემი.

„გირეკავენ შუაღამით სხვადასხვა პრობლემებზე. ერთ დღეს ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე, 21 ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე. ხან ნიჰილიზმიც შემიპყრობს ხოლმე, თუ რამეს ვერ ვაკეთებ, იქნებ გავჩერდე-მეთქი. ეს ადამიანური განცდებია, მაგრამ მერე რომ გადახედავ და გაქვს უამრავ წარმატებული ქეისი, ეს გრძნობა ქრება და ხვდები, რომ იმ საქმისთვის ხარ საჭირო სადაც ხარ“.

ლამარა ძალადობის მსხვერპლ ქალებს სთხოვს, რომ გაბედონ ძალადობრივი გარემოზე უარის თქმა და ითხოვონ დახმარება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.