სტატიები

რა პერიოდულობით ამოწმებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელ წყალს

რა პერიოდულობით ამოწმებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის ხარისხს, ამ კითხვით რადიო “მოზაიკამ” გორის მერიას მიმართა. 

უწყებაში განმარტავენ, რომ სოფლების ნაწილში თვის განმავლობაში 3-ჯერ ხდება წყლის ხარისხის შემოწმება.  

“სოფლების ნაწილში, სადაც სასმელი წყლის საქლორატოროებია მოწყობილი, ასეთ დაახლოებით  არის 35 სოფელი, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დაქლორვა. დანარჩენ სოფლებში, თვეში საშუალოდ 3 – ჯერ ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და მინიმუმ 2 – ჯერ მაინც, რიგ შემთხვევებში 3 – ჯერ ხდება დაქლორვა”, – ამბობენ მერიაში. 

სოფლებში წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით კითხვები, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზოციონერმა დეპუტატმა, ნანა ლოთიშვილმა ატენში სასმელი წყლის პრობლემა გააჟღერა. მისი თქმით, აღნიშნულ სოფელში სასმელი წყალი დასალევად უვარგისია, რის გამოც მოსახლოებას წყლის ყიდვა უწევს. 

დეპუტატის მიერ გაჟღერებულ საკითხს, გორის მერიის წარმომადგენელი გიგა ბერიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოფლებში სასმელ წყალს პერიოდულად უტარდება ლაბორატორიული კვლევა და გამორიცხულია, რომ რომელიმე სოფელში სასმელად უვარგისი იყოს. იგი დეპუტატს დაპირდა, რომ ლაბორატორიულ დასკვნას წერილობით მიაწვდიდა. 

“მე, კვლავ მოვითხოვე ლაბორატორიული დასკვნა, გადაწყდა რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სესია გაიმართება საკრებულოში, სადაც მოვლენ პასუხისმგებელი პირები. კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა წყალანირების სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც მითხრა რომ ატენში წყალი ორი დღის წინ დაიქლორა, მაგრამ მაინც სფეციფიკური სუნი გასდევს წყალს”, – ამბობს ნანა ლოთიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი