ცხინვალის დაკავების იზოლატორში, დღეის მდგომარეობით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული შვიდი პირი იმყოფება. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის აგვისტოდან დღემდე, დე ფაქტო საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს ათი ადამიანი; აქედან სამი გათავისუფლდა.
თავის მხრივ, დე ფაქტო რეჟიმის კგბ-ს პრესსამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას, რომ ნოემბერში ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ცხინვალის ინფორმაციით, სულ დააკავეს 35 პირი, დაკავებულებს შორის 31 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია და ოთხი დე ფაქტო სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. შედეგად, 24 პირი დაჯარიმდა, შვიდი ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა, ერთ პირზე კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.
“ცხინვალში ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან აქტიური ბორდერიზაციის პროცესის პარალელურად, გახშირდა „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო საჯარო პოზიცია. ფაქტები ცხადყოფს, ხელისუფლება ვერ ახერხებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჯეროვან დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – აცხადებენ DRI – ის წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალებმა 5 ოქტომბერს სამი და 10 დეკემბერს ორი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ხუთი პირის ვინაობა არ გასაჯაროებულა, უცნობია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაკავებების რაოდენობაზე, საფუძველსა და მათ მდგომარეობაზე ინფორმაციის ნაკლებობა და პასიურობა საერთაშორისო დონეზე, შეიცავს რისკებს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად, სავარაუდოდ, დაკავებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები, ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.