„გორის ისტორია სტალინამდე იწყება” , – ასე იწყება სოციალურ ქსელში მიმდინარე კამპანიის “ეს ქვეყანა შენიას” მიმართვა, რომელიც ეხება ქალაქში არსებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
“გორის ისტორია სტალინამდე იწყება, მას გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ინახავს და “ლურჯი ფარი” იცავს. სამწუხაროდ, იშვიათად თუ იციან სტალინის მუზეუმის მიღმა რას ინახავს ქალაქი. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს აქვს ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი საქართველოს მუზეუმებს შორის. ის გამორჩეულია არქეოლოგიური ობიექტებით, ნუმიზმატიკის ნიმუშებით. ამასთან, მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიული ობიექტები, ხელნაწერები, და სხვა” , – ვკითხულობთ “ეს ქვეყანა შენიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, “ლურჯი ფარი” საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ორგანიზაცია “ლურჯმა ფარმა” მისი გაძარცვის საფრთხე დაინახა, მუზეუმს არ ჰქონდა საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა. რესურსი, რომ საგანგებო სიტუაციისა თუ კატასტროფის დროს შეძლებოდა სამუზეუმო ექსპონატების დაცვა.
ორგანიზაციამ წამოიწყო მისი დაცვისთვის აუცილებელი პროექტი. ჩატარდა შენობის კვლევები და ტრენინგები თანამშრომლებისთვის.
“რაც ყველაზე მთავარია, დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ექსპონატების გაციფრულების პროცესი. განსაკუთრებით საინტერესოა ისტორიული ფოტო-სურათები, ახლახან გაციფრებული ფოტო-ნეგატივები, სადაც ასახულია მე-19 მე-20 საუკუნის გორი. ასევე ცნობილი 1920 წლის მიწისძვრის შემდგომ დაზიანებული ძეგლების სურათები. სამუზეუმო კოლექციების დეტალური ინვენტარიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება და ბევრი საინტერესო სიახლე კიდევ წინაა” , – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის “ეს ქვეყანა შენია” სოციალურ ქსელში მიმდინარე კამპანიაა, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. კამპანია მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
კამპანია გორის რეალური სახის სანახავად, საზოგადოებას მოუწოდებს აუცილებლად ეწვიონ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.