საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2021 წლის 15 და 16 ნოემბერს დაგეგმილი იყო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება 2021 წლის 24-25 ნოემბერს.
” 2021 წლის 24 ნოემბრის 23:00 სთ-დან 25 ნოემბრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.