საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციიდან” 18 წლისთავთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ღია წერილს ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას და ის 18 წლის შემდეგ, ხელახლა დებს ამ ფიცს.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, “ვარდების რევოლუციამდე” საქართველო იყო სიბნელეში და მის შემდეგ გაბრწყინდა.
“ვარდების რევოლუციის“ თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. “ვარდების რევოლუციის“ თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.
როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა)- “თავისუფლება დღეს ჩვენი” … ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის. ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!თავისუფლება დღეს ჩვენი! წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!“,-აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.