გორის ახლადარჩეულმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 4 განცხადებით მიმართა. ერთში მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე უძრავ ქონებას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვინმე ზურაბ გაბოძეს უფორმებს.
მეორე განცხადებით, მოთხოვნილია გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ფართზე იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შპს სერვის პლიუსის წარმომადგენელი, მერაბ გიორგაძეა.
მესამე განცხადების მიხედვით ამ პირის ნაცვლად, ურთიერთობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ისევ ზურაბ გაბოძესთან მოუწევს, რადგან იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაციას გორის მერი სწორედ მის მიმართ ითხოვს.
მეოთხე განცხადებით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თამარ მეფის ქუჩაზე კიდევ ერთ ფართს იჯარით ისევ ზურაბ გაბოძეს გადასცემს.
ოთხივე განცხადება საჯარო რეესტრში 15 ნოემებრს, დილის 10 საათამდეა რეგისტრირებული.
ინფორმაციისთვის, თვითმმართველობის არჩევნებამდე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკუთარი აქტივებიც გადააფორმა სხვა პირებზე. მათ შორის იყო შპს სერვის პლიუსი, რომლის წარმომადგენელი ახლა მერაბ გიორგაძეა.