სტატიები

10 მთავარი კითხვა და პასუხი გორის მერიის ა(ა)იპ-ების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 11 ა(ა)იპი აქვს დაფუძნებული. აღნიშნული საბიუჯეტო დაწესებულებების გარშემო საზოგადოებაში არაერთი კითხვა და მოსაზრება არსებობს. რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ 10 მთავარ შეკითხვას, რომელთა პასუხებიც აუცილებელია ა(ა)იპ-ების მუშაობის შესაფასებლად.

1. რას ველოდით და რა მივიღეთ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შედეგად, 2017 წლის შემდეგ?

2017 წელს, ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის ეფექტიანი ჩატარებისთვის, გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ბრძანებით და საკრებულოს თანხმობით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც გელა კაპანაძე, მაშინდელი მერის მოადგილე და ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ა(ა)იპ-ის დირექტორი ხელმძღვანელობდა.

სწორედ აღნიშნული კომისიის შეფასების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 10-მდე შემცირდა.

„ოპტიმიზაციის მთავარი საფუძველი სწორედ თანხების დაზოგვას უკავშირდება”, – ამბობდა კომისიის თავმდჯომარე.

მსგავსი მოლოდინი ჰქონდათ მოქალაქეებსაც, თუმცა ოპტიმიზაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ითქვა:

“იურიდიული პირების მნიშვნელოვნად შემცირებას უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც, მინიმუმ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში. მიუხედავად ამისა, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, 887 ათას 900 ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე 2017 წელს. 2017 წელს ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 3 016 პირი, ხოლო 2018 წელს 2 976 პირი”.

თანხების დაზოგვა არც მომავალ წლებში მომხდარა. მეტიც, ამ ფაქტს აუდიტის დასკვნამ თანამშრომელთა რიცხოვნობის არაგონივრული ზრდაც დაუმატა. კერძოდ, თქვა:

„ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. შესწავლით დგინდება, რომ გაუქმებულ ა(ა)პ-ებში დასაქმებულები გადანაწილდნენ ახალ შექმნილ, კეთილმოწყობის, სპორტულ, სახელოვნებო, კულტურულ და სტრატეგიული განვითარების პროფილის გაერთიანებებში. არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად არის გაზრდილი.


2. როგორ შეიცვალა ა(ა)იპ-ების დაფინანსება ბოლო 4 წელში?

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მათთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.

მაგალითად, 2018 წელს 10 მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დაფინანსებისთვის ბიუჯეტში 14 531 700 ლარი იყო გათვალისწინებული. 2021 წელს კი 11 ა(ა)იპ-ის დაფინანსებისთვის ხელისუფლებამ ბიუჯეტში 20 მილიონ ლარზე მეტი გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში 121 600 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს აღნიშნული ა(ა)იპ-ების შენახვა ყოველწლიურად 165 ლარი უჯდება.


3. რაში ხარჯავენ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ძირითად ნაწილს ა(ა)იპ-ები?

ბოლო წლებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში ეტაპობრივად იზრდებოდა თანამშრომელთა ოდენობა, რაც მათ სახელფასო ფონდებზეცაა ასახული. დღეის მდგომარეობით, არსებობენ ა(ა)იპ-ები, რომლებიც ბიუჯეტიდან მიღებული თანხის 80%-ზე მეტს სწორედ ხელფასებზე ხარჯავენ.

„ჩვენი სააგენტოს ბიუჯეტის თითქმის 90% ხელფასებზე იხარჯება“, – გვითხრა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა გელა კაპანაძემ.

მსგავსი ვითარებაა კიდევ არაერთ ა(ა)იპ-ში. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხელფასებზე მთლიანი ბიუჯეტის – 89%-ს, ხოლო გორის მაცნე და სტრატეგიული განვითარების სააგენტო 87%-ს ხარჯავენ.


4. როგორ ხდება თანამშრომლების შერჩევა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელების მიერ?

11 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში, რომლის შენახვა გორის ბიუჯეტს წლიურად 20 მილიონ ლარზე მეტი უჯდება, სულ მცირე 3 000 ადამიანია დასაქმებული.

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანალები ადასტურებენ, რომ თანამშრომლების შერჩევა ღია კონკურსის წესით არ ხდება.

„ფეისბუქ გვერდზე ვდებთ ინფორმაციას“, „საახლობლო წრეებში ვავრცელებთ ცნობას“, „მერთან შეთანნხმებით ვარჩევთ კადრებს“, „პატარა ქალაქია და ისედაც ვიცით, ვის რა შეუძლია“, – სააგენტოს დირექტორებისგან ასეთი პასუხები მივიღეთ კითხვებზე, როგორ არჩევენ ადამიანებს სააგენტოში დასასაქმებლად.

ინფორმაციისთვის, ღია კონკურსით თანამშრომლებს არ იყვანენ არც იმ ა(ა)იპ-ებში, რომლებსაც ამას ორგანიზაციის შინაგანაწესი ავალდებულებთ.


5. რა ხარვეზებს ხედავს შიდა აუდიტი ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკაში?

სხვადასხვა დროს (2019, 2020, 2021 წლები) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების დროს, ა(ა)იპ-ებში ხარვეზები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. გამოვლინდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება, მათი კვალიფიკაცია, ბიუჯეტის არაეფექტური გადანაწილება და სხვა.

რადიო “მოზაიკა” გაეცნო სხვადასხვა ა(ა)იპ-ების აუდიტორული შემოწმების შედეგებს და აღმოაჩინა, რომ ხარვეზები და პრობლემები თითქმის ყველა საბიუჯეტო დაწესებულებაში ერთმანეთის იდენტურია.

მაგალითად, კეთილმოწყობის სააგენტოში ჩატარებული შემოწმების შედეგად მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ”

“გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციაში არ აქვთ შემუშავებული თითოეული თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობა, სამუშაო აღწერილობა”.

ფუნქციუა-მოვალეობების დანაწილების პრობლემაზე მიუთითა შიდა აუდიტმა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შემოწმების შემდეგაც. ანგარიშში წერია:

“ადმინისტრაცია საჭიროა მუშაობდეს მონიტორინგის მიმართულებით, გაურკვეველია ვის აქვს დავალებული დისციპლინაზე და წესრიგზე პასუხისმგებლობა ფუნქციურად”

“შიდა აუდიტის მიერ შესწავლილ იქნა თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები, არის შემთხვევები, როდესაც ფუნქციები იდენტურია და მსგავსი სამუშაო გაწერილობებითაა. ზოგიერთი მოსამსახურე დატვირთულია უმნიშვნელო ფუნქციით, ხარჯების შესწავლის შემდგომ, საჭიროა სააგენტომ კიდევ ერთხელ გადახედოს საშტატო ნუსხას”.

საშტატო ნუსხის გადახედვის საჭიროებაზე მიუთითებდა მერიის შიდა აუდიტის სამსახური სპორტის განვითარების სააგენტოს შემოწმების შემდეგაც. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია:

“არის შემთხვევები, როდესაც თანამშრომელთა ფუნქციები იდენტურია, ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე არ არის დატვირთული ფუნქციით. სააგენტოში დასაქმებულები არიან უფუნქციოდ და არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, შესაძლებელია ერთმა თანამშრომელმა შეასრულოს სამ ან ოთხ ადამიანურ რესურსზე გადანაწილებული მოვალეობა”.

“გაურკვევლადაა შედგენილი სააგენტოს სპორტული სკოლების საშტატო ნუსხა, ასევე განსხვავებული ხელფასებია დანიშნული ერთნაირ საშტატო ერთეულებზე, თითოეულ სკოლაში დანიშნულია 2 ან 3 სპეციალისტი, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები დებულებით არ არის გაწერილი”.

საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზეა საუბარი კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ანგარიშში. დასკვნაში წერია:

“სააგენტო თანამშრომლების შერჩევას ახდენს რიგ შემთხვევაში პროფესიისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე”

“სააგენტოს არ აქვს შემუშავებული კადრების შერჩევის მეთოდი, სასურველია სააგენტოს ჰქონდეს შემუშავებული და დამტკიცებული თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პირად საქმეებში წარმოდგენილი იყოს კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები, რათა სააგენტოს მხრიდან საკვალიფიკაციო გამოცდილების გათვალისწინებით მოხდეს კადრების შერჩევა/დანიშვნა მომავალში.”

გარდა ამ ხარვეზებისა, თითქმის ყველა შემოწმების შემდეგ, საკუთარ დაკსვნაში მერიის აუდიტის სამსახური სახელფასო ფონდის შემცირების და საკუთარი შემოსავლების მოძიებაზე ზრუნვის საჭიროებაზეც ამახვილებდა ყურადღებას.


6. რამდენად გამჭვირვალედ ხარჯავენ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას?

2018-2020 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებმა ბიუჯეტიდან მიღებული ფულით 2 945-ჯერ მომსახურება პირდაპირი შესით შეისყიდეს, ტენდერი კი მხოლოდ 237-ჯერ გამოაცხადეს. ეს მაშინ, როდესაც კონკრეტული მომსახურების/პროდუქტის შესაძენად ტენდერის გამოცხადება უწყებას თანხის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა.

ტენდერებში და პირდაპირი წესით განხორციელებულ შესყიდვებში დახარჯული თანხის ოდენობით სამი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ- ებიდან 3 მათგანი ლიდერობს:

  • სკოლამდელი აღზრდის სააგენტო
  • კეთილმოწყობის სააგენტო
  • ტურისმიზა და კულტურის განვითარების სააგენტო

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ ტენდერებში დახარჯულმა თანხამ 3 წელში 7 117 000 ლარი შეადგინა, გამარტივებულ შესყიდვებში კი სააგენტომ 2 000 000 ლარზე მეტი დახარჯა. სააგენტო შესყიდვის ამ ფორმას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის, მაგ: ტენდერი ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად რამდენჯერმე გამოაცხადეს, მაგრამ არ შედგა ან შეწყდა კონკრეტული მიზეზების გამო.

კეთილმოწყობის სააგენტოს სამი წლის განმავლობაში ტენდერებიდან მიღებული მომსახურებისთვის 968 436 ლარი აქვს დახარჯული, გამარტივებული შესყიდვებისთვის კი – 602 630 ლარი. აღნიშნულმა სააგენტომ 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 692 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ 2018 -2020 წლებში 3 ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი არ შედგა. წარმატებით დასრულებული ტენდერებში კი საერთო ჯამში 25 000 ლარამდე დახარჯა. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, სააგენტომ 3 წლის განმავლობაში 914 შესყიდვა განახორციელა და 500 000 ლარზე მეტი დახარჯა.


7. არსებობს თუ არა თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შემთხხვევები ა(ა)იპ-ებში?

ა(ა)იპ-ების მიერ შეძენილი მომსახურებების გადამოწმებისას, რადიო “მოზაიკამ” აღმოაჩინა რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც საბიუჯეტო თანხების არამიზნბრივად ხარჯვის მაგალითია. მაგალითად:

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, ხელშეკრულება შპს „სივრცეებს“ 2-ჯერ გაუფორმა. წესით, აღნიშნულ კომპანიას სააგენტოს მიერ გავრცელებული საპიარო ინფორმაცია უნდა გამოექვეყნებინა თავის ვებ-გვერდზე, თუმცა ხელშეკრულების პერიოდში, საიტზე სააგენტოს არცერთი სიახლე არ გამოქვეყნებულა. პრაქტიკულად “არაფერში” სააგენტომ ბიუჯეტიდან 2 200 ლარი გადაიხადა.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ორი წლის განმავლობაში, სარეკლამო მომსახურებას შპს „კვირა+“-სგან ყიდულობს. აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის ვებ-გვერდი kvira.ge , სადაც სააგენტოს სიახლეები ქვეყნდება. პირველი ხელშეკრულება უწყებამ აღნიშნულ კომპანიამ 2020 წლის დასაწყისში გაუფორმა და ჯამში, 3 245 ლარი გადაუხადა. ამ წლის განმავლობაში, ვებ-გვერდზე სააგენტოს ორი სიახლე გამოქვეყნდა, რომელსაც ჯამში 21 მნახველი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს მინიმალური მნახველი ჰყავდა, სააგენტომ ხელშეკრულება „კვირა+“-ს წელსაც გაუფორმა. უწყება კომპანიას ყოველთვიურად 295 ლარს უხდის.


8. რა კავშირი აქვთ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს მმართველ პარტიასთან?

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი, გელა კაპანაძე წლების განმავლობაში იკავებდა „ქართული ოცნების“ შტაბში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას.

კაპანაძე მანამდე გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მოადგილე იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იგი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის მოადგილე იყო. სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაჯარიმდა იგი სამუშაო საათებში შტაბში ყოფნის გამო. გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

აღსანიშნავია, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის ლიანა კოვზიაშვილის კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ და ყოფილ მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან.

კოვზიაშვილი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 2018 წლის იანვარში დაინიშნა. მან ქალაქის და რაიონის გაერთიანების შედეგად შექმნილი სააგენტო ჩაიბარა. მანამდე გორის მუნიციპალიტეტის ბაღების სააგენტოს ნუგზარ ინჯია ხელმძღვანელობდა, ხოლო ქალაქის სააგენტოს ქეთი დვალიშვილი.

ნუგზარ ინჯიამ მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადა. რეორგანიზაციის შემდეგ, მისთვის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ადგილი აღარ გამოჩნდა. რაც შეეხება ქეთი დვალიშვილს, იგი კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ლიანა კოვზიაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კონსტანტინე თავზარაშვილის საარჩევნო კამპანიაში. იგი 2014-2017 წლების მოწვევის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. მან პარტიის სახელით, 2014 წელს კენჭი იყარა, როგორც ხიდისთავის მაჟორიტარმა კანდიდატმა.

2017 წლის ჩათვლით, იგი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. კონსტანტინე თავზარაშვილის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რაც ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დასრულდა, იგი სააგენტოს დირექტორად დაინიშნა.

ოპოზიცია ამბობდა, რომ კოვზიაშვილი თავზარაშვილის ცოლის დაქალია, რის გამოც, მან ჯერ თანამდებობა მიიღო, შემდეგ კი, მივლინებებში დადიოდა.

მმართველი გუნდის სასარგებლოდ საარჩევნო-სააგიტაციო პროცესში აქტიურად იყო ჩართული გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი გიორგი პურიჭამიაშვილი. იგი ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობდა იმჟამინდელი კანდიდატების იოსებ მაკრახიძის და თენგიზ ხუბულურის სასარგებლოდ.

გიორგი პურიჭამიაშვილი ფიგურირებდა 2019 წლის 2 დეკემბერს, მცხეთაში ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებს, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მცხეთის მერი და ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ორი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ პურიჭამიაშვილი აცხადებდა, რომ ადგილზე შემთხვევით მოხვდა.

რაც შეეხება ახლადშექმნილ ტრანსპორტის სააგენტოს, მის დირექტორად გორის ყოფილი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დანიშნეს.


9. სად ვხედავთ ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს არჩევნების დროს?

ბოლო წლების არჩევნებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ:

ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ აგრესიულ პოლიტიკურ აქტივობებში “ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად;

ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს;

ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესებშიც – იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები ან წევრები;

ა(ა)იპ-ის თანამშრომლები კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ დავალებითაც იმყოფებოდნენ.


10. რა და როგორ უნდა შეიცვალოს?

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ებში ცვლილებების საჭიროებას არასამთავრობო სექტორთან ერთად, პოლიტიკური პარტიებიც ხედავენ. საზოგადოება თანმხდება, რომ ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა და ფინანსების ხარჯვის პრაქტიკა შესაცვლელია. სხვადასხვა ჯგუფებთან გამართული სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

ძირეული ცვლილებები – მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ჩატარება და მიღებული შედეგების მიხედვით, უკვე არსებული ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაცია/გაუქმება; ბაზრის კვლევა და ა(ა)იპ-ების ნაცვლად, სერვისების კერძო სექტორისგან მიღება.

ახალი სტანდარტის დამკვიდრება – ყველა არსებული ა(ა)იპ-ის შენარჩუნება, თუმცა მათი საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალეობის, დაფინანსების წყაროების გამრავლაფეროვნების, მიღებული ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, ახალი რეგულაციების შემუშავება.

ა(ა)იპ-ებში სხვადასხვა კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომლის აღსრულებაც ნაკლები დანარჯებით მოსახლეობისთვის უკეთესი სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.