გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში და პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხოჯევანიშვილი “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და მას კონტრაქციად აფასებს.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებით “სრულად უგულვებელყოფილია ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები”.
“დღევანდელი აქცია, ცალსახად არის კონტრაქცია. აქციის შინაარსზე, აქციის მონაწილეების რაოდენობაზე და ვინაობაზე საუბრისგან თავი რომ შევიკავოთ, ყველაზე გულდასაწყვეტია მმართველი პარტიის გადაწყვეტილება. დღეს, როცა ქვეყანაში კოვიდპანდემია ასე მძვინვარებს, ამ მასშტაბის ღონისძიების ჩატარება არის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება “ქართულო ოცნების” ბოსების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ემსახურება, კიდევ ერთხელ პოლარიზაციაზე ხაზგასმას. თითქოს, მხოლოდ ორი ძალაა ქვეყანაში. ერთმა პარტიამ ორი კვირის წინ გამართა მრავალათასიანი აქცია, ახლა მეორე პარტია მართავს და ამით საერთოდ უგულვებელყოფილია ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.