ახალი ამბები

ბალიაშვილი: ხელისუფლება საჯარო მოხელეებს სამარცხვინო აქციაზე წასვლას აიძულებს

ენმ-ს წევრი და გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ანა ბალიაშვილი ამბობს, რომ 27 ოქტომერს მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე მოქალაქეებს წასვლას აიძულებენ. მისი ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აქციაზე წაუსვლელობის შემთხვაში სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ. 

“უამრავი ადამიანი გვწერს და გვირეკავს – ხელისუფლება საჯარო მოხელეებს იმ სამარცხვინო აქციაზე წასვლას აიძულებს! რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ადამიანები მხოლოდ მალულად გველაპარაკებიან და საჯაროდ ამის გაჟღერებას ვერ ბედავენ. იმიტომ,რომ იციან,სამსახურებს დაკარგავენ – იმ მიზერულ ხელფასს,რომლითაც თავის გატანას ძლივს ახერხებს საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი”, – აცხადებს ბალიაშვილი. 

იგი მოქალაქეებს მოუწოდებს უარი თქვან აქციაზე წასვლაზე და არ დაემორჩილონ “მოძალადე ხელმძღვანელებს.” 

მოვუწოდებ ამგვარი ძალადობის ყველა მსხვერპლს- თუ არ გაქვს ამ ვითომ “აქციაზე” წასვლის სურვილი, არ დაემორჩილოთ მოძალადე ხელმძღვანელებს და პარტიულ ბოსებს! ყველას ერთად ვერ გაგათავისუფლებენ! და თუ, მაინც გიმსხვერპლათ მოძალადე ხელისუფლებამ, ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს”, -წერს ანა ბალიაშვილი სოციალურ ქსელში. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციაზე წასვლა ნებაყოფლობითია და გავრცელებული ინფორმაცია დაშინებისა და ზეწოლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

“ეს არის შემაჯამებელი აქცია, ვისაც სურვილი ექნება ყველა წავა, დაძალება არ იქნება. ყველანაირი ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს შეკრება. მეც ვაპირებ წასვლას”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” დავით რაზმაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. 

ინფორმაციისთვის, 27 ოქტომბერს მმართველი პარტია თბილისში, თავისუფლების მოედანზე “შემაჯამებელ აქციას” მართავს სლოგანით “გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე”. 

დატოვეთ კომენტარი