“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ვე სოფლისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციამ პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამისი ინიციატივით მიმართა. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება.
„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭება მიგვაჩნია. სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე კი, მიზანშეწონილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” დადგენილი შეღავათები”, – ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების ადგილზე შესწავლა ცხადყოფს, რომ გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელ ადამიანებს მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ.
“ბორდერიზაციის პირობებში მაცხოვრებლებს, გატაცების და უკანონო დაკავებების მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება; საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების ნაწილში ვერ სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით; მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა; სოფლების დიდ ნაწილში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები; დასახლებების ნაწილში დაზიანებულია შიდა გზები; მოსახლეობას აწუხებს მცირემიწიანობა; სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტია; არ ფუნქციონირებს აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები; სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება“, – ნათქვამია განცხადებაში.