გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით 11 საჩივარია დაწერილი. საჩივრის ავტორები არიან: ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”.
საჩივრების საფუძვლად შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსია მითითებული.
მაგალითად, ISFED-ს ერთ-ერთ საჩივარში ვკითხულობთ:
“N76 უბანზე მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი მიღებულ ხმათა რაოდენობას დამატებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 7-თ მეტია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე” , – აღნიშნულია საჩივარში.
იგივე ტიპის უზუსტობებზე მიუთითებს პარტია “საქართველოსთვის”:
“N97 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მერობის კანდიდატების მიღებული ხმების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების ოდენობა” , – მითითებულია ერთ-ერთ საჩივარში.
საჩივრებს გორის საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის და თუ კი, მომჩივანთა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მითითებულ უბნებზე ხმები ხელახლა გადაითვლება.