სტატიები

რატომ უწუნებს ოქრუაშვილი ენმ-ს მერობის კანდიდატს ინტელექტს და რას პასუხობს ადრესატი 

ენმ-ს გორის მერობის კანდიდატი, ვასილ მახარაშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც  მას ოქრუაშვილი ინტელექტს უწუნებს. მახარაშვილი ოქრუაშვილს ახსენებს, რომ სწორედ, მისი რეკომენდაციით იკავებდა წინა ხელისუფლების დროს გორის გამგებლის თანამდებობას. 

“ქართული ოცნების პროკურატურის მრავალგზის მოწმისგან ჩემი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება საწყენად არ მიმაჩნია,თუმცა მაინც უნდა გამოვეხმაურო. ბატონი ოქრუაშვილი მიწუნებს ინტელექტს ისე, რომ არ ახსენებს ერთ დროს ჩვენს თანაგუნდელობას.მინდა შევახსენო,რომ სწორედ მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვმუშაობდი გორის გამგებლად და მათ შორის ოქრუაშვილის რეკომენდაციით ვიკავებდი ამ თანამდებობას. როგორც ჩანს მაშინ არ ვიყავი უნიჭო”, – წერს მახარაშვილი. 

ვასილ მახარაშვილმა აქცენტი გააკეთა ასევე მიღებული ხმების რაოდენობაზეც და აღნიშნა, რომ თავად ოქრუაშვილის 2016 წლისა და 2020 წლის არჩევნებზე მასზემ ბევრად ნაკლები ხმა აქვს მიღებული. 

“თუ ბატონი ირაკლი ინტელექტს გვიწუნებს და სწორედ ამას უკავშირებს ჩემს მიერ მიღებული ხმების რაოდენობას,მაშინ გაიხსენოს,რამდენი ხმა აქვს მიღებული თავად “ინტელექტუალს” 2016 წლის არჩევნებში გორელი ამომრჩევლისგან? რამდენი და 4252 ხმა, 17 %. 2020 წელი – 4531 – 6,19%. მე კი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში,ხმების გაბათილების და ამომრჩევლის მოსყიდვის ფონზე მივიღე 17 403 ხმა და 31,64%. ოპოზიციის კრიტიკა ამ სიტუაციაში მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამით ჩანს ვინ ვინ არის სინამდვილეში”, -ამბობს მახარაშვილი. 

ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გორის მოსახლეობას “ქართულმა ოცნებამ” და ენმ-მ უინტელექტო კანდიდატები შესთავაზა. 

“გორელებზე ღადაობას რაც შეეხება ხინჩეგაშვილის არჩევის გამო! ხინჩეგაშვილი რომ წერა-კითხვის უცოდინარია ყველაზე მეტად მისმა ამომრჩეველმა იცის, მაგრამ მათი “გამტყუნება” არასწორია, რადგან ენმ-მა არანაკლები ერთუჯრედიანი შესთავაზა ამომრჩეველს. როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დგები ანუ ორი შტერიდან უნდა აირჩიო, მარტივად, ციფრებს შორის აკეთებ არჩევანს, უფრო მეტიც, “გლეხური ვირეშმაკობით” იღებ გადაწყვეტილებას. სულ სხვა პრობლემაა, რომ ეგ ქალაქი დიდი ხანია ნიჭიერ ადამიანებს (საჯარო პირებს) აღარ გენერირებს, მოჭიდავეებს თუ არ ჩავთვლით. ისევ მე თუ გეტყვით სიმართლეს. გორის ეპისკოპოსის ღვთისმოსაობას ებარებოდეთ”, – წერს ოქრუაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.