გორის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პრეზენტაციის მსვლელობისას ხინჩეგაშვილს ხშირად ეშლებოდა სიტყვები.
ის პრეზენტაციის წარსადგენად მომზადებულ ტექსტს კითხულობდა, თუმცა ამის მიუხედავად რამდენჯერმე მოუწია სიტყვა შეეწყვიტა და თავიდან დაეწყო.
“ანგარიშს, რომ ჩაგაბარებთ, ბევრად უკეთ გამომივა”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
მან რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში და განმარტა, რომ ნერვიულობს, რადგან “ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს” შეეჭიდა. პრეზენტაციის ბოლოს ადგილზე მყოფ აუდიტორიას დაპირდა, რომ “შემდეგ ჯერზე პრეზენტაციას უკეთესად გააკეთებს”.
ხინჩეგაშვილმა საკუთარ პროგრამაში ისაუბრა ტურიზმის განვითარებაზე, სოციალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, კულტურისა და სპორტის ხელშეწყობაზე.
ფეისბუქზე ლაივის დასრულებისთანავე ვიდეო წაიშალა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული ვიდეო აღარ იძებნება.