გორის მუნიციპალიტეტის სკოლებმა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განაახლეს.
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემები ჯერ კიდევ არის, მაგრამ სკოლები და პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარნონ.
“დისტანციურად დაიწყო სწავლა გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამ. პრობლემები არის რა თქმა უნდა, მაგრამ მასწავლებლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ ბავშვებს სწავლაში. თუ სკოლას აქვს იმის საშუალება, რომ ლეფტოპი ათხოვოს მოსწავლეს ამ დათმობაზეც მიდის დირექცია. იმ შემთხვევაში თუ ოჯახს ტექნიკური პრობლემა აქვს მოსწავლეს შეუძლია სკოლაში მივიდეს და იქიდან ჩაერთოს გაკვეთილს, რამოდენიმე ბავშვის მიღება სკოლას შეუძლია. სასწავლო დაწესებულებები ცდილობენ, რომ ტექნიკური პრობლემები აღმოფხვრან”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი
შეგახსენებთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში უნდა დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.