სტატიები

ეკლესია, როგორც „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორში, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში “ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ინფორმაცია ფოტომასალასთან ერთად პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მშენებარე ტაძრის  დასკვნითი ნაწილის – გუმბათის და ცენტრალური თაღის მშენებლობა ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

“დღეს, ისე როგორც არასდროს, მთავრობასა და ეკლესიას შორის ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა არსებობს” , – ეს განცხადება ღარიბაშვილმა ეკლესიაში ვიზიტისას გააკეთა.

აღსანიშნავია ის, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მხარდაჭერაზე საუბარი მმართველი გუნდის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება ხოლმე. ამაზე მიუთითებდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც:

“მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა” , – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” , 29 ოქტომბერი, 2020 წელი.

“საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების წინასაარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას ცდილობენ” , – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, 30 ოქტომბერი, 2020 წელი.

“მართალია, კონსტიტუცია ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას ითვალისწინებს, ხოლო საარჩევნო კოდექსი რელიგიური ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას კრძალავს, მმართველმა პარტიამ ზოგიერთ წინასაარჩევნო რეკლამაში ამომრჩევლებისადმი მიმართვისას რელიგიური გამოსახულებები გამოიყენა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდა” , – მიუთითა გასული წლის არჩევნების შეფასებისას ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ.

იგივე ტენდენციაა წელსაც. სწორედ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის დღეს იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი მასთან ერთად, სწორედ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია.

ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გააცნო და პრემიერმა მეუფეს ტაძრის მშენებლობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

გორის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.