ახალი ამბები

ანანიაშვილი მერად არჩევის შემთხვევაში გორში, “მშვიდობის ხეივანის” მოწყობას გეგმავს

პარტიის “საქართველოსთვის” გორის მერობის კანდიდატი უახლოეს დღეებში საზოგადოებას პროექტის იდეას გააცნობს, რომელიც ქალაქის ცენტრში ახალი მონუმენტის განთავსებას ეხება. კონსტანტინე ანანიაშვილი გამარჯვების შემთხვევაში, გორის ცენტრალურ მოედანზე “მშვიდობის ხეივანის” მოწყობას გეგმავს. ეს მისი აზრით, ერთის მხრივ საზოგადოებას 2008 წლის მოვლენებს შეახსენებს, მეორეს მხრივ კი ამ სახით, ქალაქის ცენტრში იარსებებს სიმბოლო მშვიდობისა და მომავლის იმედის.

“ქალაქის  მთავარ მოედანთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ საინტერესო ხედვა. მოქალაქეების აქტიური ჩართულობით დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტს განვახორციელებთ. უნდა მოვაწყოთ “მშვიდობის ხეივანი”, ამის პროექტსაც მალე წარმოვადგენთ, თუ როგორი უნდა იყოს ის. მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის დროს ზუსტად ჩვენი მოედანი იყო ის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩამოვარდა კასეტური ბომბი, რასაც ადამიანებიც შეეწირნენ. ეს იქნება მონუმენტი იმისა, რომ აღარ უნდა განმეორდეს, რაც მოხდა 2008 წელს. ეს იქნება მშვიდობის სიმბოლო, გარშემო ნარგავებით და ქალაქის სიმბოლური ადგილი მშვიდობის, განვითარების და უკეთესი ხვალინდელი დღის”, – ამბობს კონსტანტინე ანანიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი