სტატიები

გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, როგორც საარჩევნო პროგრამის ნაწილი – შეხვედრა “ლელოსთან”

რა პრობლემებს ხედავენ გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემების მოგვარება? – ამ საკითხებზე სასაუბროდ რადიო “მოზაიკა” ამჯერად “ლელოს” ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა.

პარტიის პროპორციული სიის წევრები და ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამბობენ, რომ ა(ა)იპ-ებისგან მიღებული სარგებული ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯების შესაბამისი არ არის. ისინი მხარს უჭერენ ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალობის და თანხების ეფექტიანი ხარჯვისკენ მიმართული ცვლილებების განხორციელებას.

პაპუნა კობერიძე, სიის I ნომერი გორში

თქვენი კვლევებიდან დავინახეთ, რომ ამხელა მილიონები იხარჯება ფაქტიურად არაფერში, ჰაერში მიდის ეს ფული. ა(ა)იპ-ების დაფინანსების 70%-ზე მეტი მიდის თანამშრომელთა ხელფასებში. ეს თანხა თავად უნდა შეაგროვოს მუნიციპალურმა ორგანიზაციამ იმ სერვისებიდან, რისთვისაც არიან შექმნილები. ზოგიერთი ა(ა)იპი საერთოდ რისთვისაა შექმნილი, კაცმა არ იცის, საერთოდ არაფრის მომცემია. ამიტომ აუცილებელია დღის წესრიგში დადგეს ამ ორგანიზაციების გადახედვა და საჭიროებების მიხედვით, დარჩეს მხოლოდ ის გაერთიანება,რომელიც რეალურად საჭირო და აუცილებელია მოსახლეობისთვის.

რეზო გოგიაშვილი, სიის III ნომერი გორში

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პრიორიტეტები – ამ მუნიციპალური ორგანიზაციებიდან რომელია მოსახლეობისთვის აუცილებელი და მთავარი. ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო თვითმმართველობას აძლევს, ამის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. მაგრამ როცა კონკრეტული საქმის გაკეთებას სჭირდება 50 ადამიანი და რეალურად დასაქმებულია 150 პირი, აქ უკვე პროფესიულ ნაწილთან გვაქვს პრობლემა. პრიორიტეტების მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, სად რა თანხა და თანამშრომელია საჭირო.

“ლელოს” წევრებს შეხვედრაზე რადიო “მოზაიკას” წარმომადგენლებმა, ჟურნალისტური გამოძიებებით გამოვლენილი ხარვეზები და მათი მოგვარების მიზნით შემუშავებული სტრატეგიული ხედვა გააცნეს.

ნინო ჩიბჩიური, პროექტის კოორდინატორი

საკადრო პოლიტიკა, დაფინანსების წესი, შიდა მონიტორინგის გაუმჯობესება და ინსტიტუციური კულტურის განვითარება – ეს არის პროექტის ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის მთავარი მიმართულებები. დოკუმენტი აერთიანებს რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა გახდება მეტად გამჭვირვალე, მოხდება თანხების ეფექტურდ გადანაწილება და ხელი შეეწყობა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების განვითარებას და გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში საჭირო ცვლილებების განხორციელების მიზნით, გორის სათემო რადიო “მოზაიკა” სხვადასხვა აქტივობებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისაათვის” ფარგლებში ახორციელებს. პროექტის პირველ ეტაპზე რადიო “მოზაიკამ” 6 ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების განსაზღვრას და შესაბამისი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.