ავტორი: მედეა პავლიაშვილი, შიდა ქართლის რეგიონალური ნდობის ჯგუფის კოორდინატორი
„რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზაციისთვის“ წარმოადგენს ორგანიზაცია „განათლების კოალიციის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შეიქმნა რეგიონალური ნდობის ჯგუფები.
ჯგუფების შექმნის იდეა ისაა, რომ შეიქმნას ერთგვარი სამოქალაქო აქტივისტების ქსელი, რომელშიც გაერთიანებული ადამიანები ერთობლივი ძალებით იმუშავებენ განათლების დეპოლიტიზებისა და სასკოლო თემის წარმომადგენელთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვისათვის.
რეალურად, სკოლა ის ადგილია, სადაც არასრულწლოვნები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადგილას დასაქმებული პირების დაცვა პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის ან საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერი ჩართვისგან, რომელიც პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია.
სკოლა და არჩევნები
ყველა ადამიანს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები პარტია ან იყოს საერთოდ აპარტიული, თუმცა, პრაქტიკაში, ხშირად საჯარო სკოლებში დასაქმებული ადამიანების გარკვეულ ნაწილს აიძულებენ იარონ პარტიულ შეხვედრებზე, ჩაერთონ საარჩევნო აგიტაციაში, ხმა მისცენ კონკრეტულ სუბიექტს და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ თანამდებობიდან გათავისუფლებითაც კი ემუქრებიან.
გვაქვს იმის მოლოდინი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ფაქტები უფრო ხშირი იქნება და სწორედ ამ პერიოდში აქტიურად ვიზრუნებთ ადამიანების უფლებების დაცვაზე, თუმცა, რეგიონალური ნდობის ჯგუფი იარსებებს არჩევნების შემდეგაც და აქტიურად განაგრძობს მსგავსი დარღვევების მონიტორინგს და ასეთ ფაქტებზე რეაგირებას.
რეგიონალური ნდობის ჯგუფის არსებობის მიზანი კი სწორედ ამ ფაქტების მონიტორინგი, მათი გამოვლენა და შემდგომი რეაგირებაა.
ნდობის ჯგუფის წევრები შიდა ქართლში მცხოვრები აქტიური მოქალაქეები, მათ შორის კი, სწორედ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აღმოვაჩინოთ, ვისაც აქვს სურვილი სკოლების დეპოლიტიზაციის პროცესებში იყოს ჩართული, რადგან მეტი ნდობის ჯგუფის წევრი ერთად უფრო მასშტაბურ შედეგს მოიტანს. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფი ღიაა ნებისმიერი ახალი წევრისთვის.
ნდობის ჯგუფების საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პრევენციული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გავრცელება ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების უფლებების, ვალდებულებების და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, მათ შორის საარჩევნო/პოლიტიკური უფლებების კუთხით, რადგან შესაძლოა მათი უფლებების ხელყოფის მიზეზი სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა იყოს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვგეგმავთ მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებას.
ნდობის ჯგუფის წევრების აქტიური მუშაობა შედეგს არ გამოიღებს, თუ უშუალოდ პროექტის ბენეფიციარები არ იქნებიან ჩართულნი ამ პროცესებში. ამიტომ, ნდობის ჯგუფის თითოეული წევრი ვიაზრებთ, რომ ეს საკითხი შეიძლება ბევრისთვის სენსიტიური იყოს და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას წყაროს ანონიმურობაზე.
ვიმედოვნებთ, რომ შიდა ქართლში ნდობის ჯგუფის არსებობა სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტად გახსნილ კომუნიკაციას, დროულ სამოქალაქო რეაგირებასა და დეპოლიტიზების პრობლემისადმი სისტემური მიდგომის ფორმირებას.
პროექტის მიზნების მისაღწევად, გვსურს, ასევე, აქტიურად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა უფრო მარტივად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და იმ ადამიანების აღმოჩენა, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობთ, რომ კომპლექსური და ინტენსიური მუშაობის შედეგად, მივიღებთ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ საგანმანათლებლო გარემოს ბავშვებისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი არ არის აპელირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და არის სრულიად აპარტიული.