ახალი ამბები

“მშვიდობის სახლი”- ქართველი და ოსი ახალგაზრდები მშვიდობისთვის 

გორში, თეატრის სკვერში არსებული შენობის კედელზე ნახატი გაჩნდა – ლურჯ ფონზე სიტყვები “ომი და “მშვიდობა” წერია, თეთრი მტრედი კი სიტყვის “მშვიდობა” შევსებას ცდილობს.  

ნახატის იდეა 18 წლის ეკატერინე აბუსელიძეს ეკუთვნის. მისი თქმით, სურდა რომ მტრედის, როგორც მშვიდობის სიმბოლოს მნიშვნელობა ქართულ – ოსური ურთიერთობების თემატიკისთვის მოერგო. 

“ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული ომისა და მშვიდობის თემებით. 2008 წლის ომის დროს პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემზე იმ მოვლენებმა მაინც იმოქმედა, წლების შემდეგ ინტერნეტით და სხვა საინფორმაციო საშუალებებითაც ბევრი რამ გავიგე. რადგან მტრედი არის მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეული,მომივიდა შთაგონება, რომ იქნებ მტრედს რამე უფრო თვალსაჩინო დანიშნულება მივცეთ. ნახატზე სწორედ ამის ჩვენება მინდოდა, რომ სიტყვას “ომი” დაუკარგოს მნიშვნელობა და მისცეს “მშვიდობას”.

ომისა და მშვიდობის თემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ირგვლივ გაერთიანდენ და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა შექმნეს 100 -ზე მეტი პოსტერი, ბლოგი, კომიქსი, ქვიზი, ვიდეო და ანიმაცია, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. 

“ჩემვის, როგორც გორელი ახალგაზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან ყოველთვის მინდოდა ცხინვალელ თანატოლებთან უფრო ახლო კონტაქტი მქონოდა”, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ თინიკაშვილი. 

“გარკვეული სახის კავშირი მეც მაქვს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, რადგან ბებიაჩემი ოსი იყო. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობნენ მეორე მხარეს ადამიანები, როგორები იყვნენ ისინი. ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო ჩემი თანატოლი აფხაზი და ოსი ახალგაზრდები. მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით კომიქსები, რომლებიც გადმოსცემდა ჩვენს განცდებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, რას გრძნობს ორივე მხარე და როგორ უნდათ ერთმანეთთან კონტაქტი”, – ამბობს მარიამ თინიკაშვილი. 

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, 19 წლის ანა დარახველიძეა. მისი თქმით, ამ პროექტში ჩართვის შემდეგ გამყოფ ხაზთან მცხოვრები არაერთი თანატოლი გაიცნო და მათთან ერთად მშვიდობის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა აქტივობა განახორციელა.

“ამ პროექტში მე კომიქსების მიმართულებით ვიყავი ჩართული, მე და ჩემმა მეგობარმა შევქმენით კომიქსი, სადაც ვსაუბრობთ  ჩვენს ისტორიაზე, რა გვახსოვს ომიდან, რა ხდებოდა მაშინ ჩვენთან. ამ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე, რომლებიც არიან ოკუპირებული ტირიტორიებიდან, მათთან ძირითადად ონლაინ მაქვს ურთურთობა. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რადგან ახალგაზრდებს უკეთ გვესმის ერთმანეთის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოს ახალგაზრდებსაც აქვთ სურვილი ჩვენთან ურთიერთობის”.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი “მშვიდობის სახლი”, რომლის საჯარო პრეზენტაცია პირველად გორში შედგა. ახალგაზრდების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენასა და ვებგვერდის პრეზენტაციას გორის თეატრის ეზოში დევნილები, ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ვეგვერდის “მშვოდობის სახლი” ახალგაზრდები მოგვითხრობენ კონფლიქტის შემდგომ ცხოვრებაზე, მათ ოცნებებზე, შეხედულებებზე და იმედებზე. 

დატოვეთ კომენტარი