ბლოგები

პიროვნული და პროფესიული ზრდა – რატომ უნდა ჩავერთოთ გაცვლით პროგრამებში?

ავტორი: ლიკა ვანიშვილი

ვსწავლობ ანგლისტიკის ფაკულტეტზე და ამასთანავე ვმუშაობ ენების ინოვაციურ აკადემიაში, ინგლისური ენის მასწავლებლად. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ერასმუს+ გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი გერმანიაში, ტუბინგენის უნივერსიტეტის ანგლისტიკისა და ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

გაცვლითი პროგრამები გვეხმარება პროფესიულ განვითარებაში

გაცვლითი პროგრამა მრავალმხივ ნაყოფიერი იყო ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, პროფესიულად. გერმანიაში სწავლისას, საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორიული, კულტურული და ლინგვისტური ცოდნა მივიღე, რაც ჩემთვის, როგორც ანგლისტისთის, ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, გაცვლითი პროგრამა უპირველესად პროფესიულ თვალსაწიერს აფართოებს. მასპინძელი უნივერსიტეტი, სადაც განსხვავებული განათლების სისტემა და მიდგომები არსებობს, აუცილებლად სთავაზობს სტუდენტს ისეთ კურსებს, რასაც მშობლიურ უნივერსიტეტში ვერ შეხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ფაკულტეტზე სწავლობ ორივე უნივერსიტეტში, განსხვავება მაინც საგრძნობია.

თითოეულ უნივერსიტეტს განსაზღვრული პრიორიტეტები აქვს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ორივე უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება კი ერთგვარად აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას და უფრო ფართო პროფესიულ ცოდნას და უნარჩვევებს განიჭებს, რაც ბუნებრივია, მეტად კონკურენტუნარიანს გხდის.

ამასთანავე, მასპინძელ უნივერსიტეტში განვლილმა კურსებმა, შესაძლოა, შენი პროფესია განსხვავებული კუთხიდან დაგანახოს და ისეთი მიმართულებით დაგაინტერესოს, რაზეც მანამდე ყურადღება არ გაგიმახვილებია. მაგალითისთვის, ტუბინგენის უნივერსიტეტში ერთ-ერთი კურსი, რაც გავიარე იყო „ბრიტანული და ამერიკული ფონეტიკა“. ილიას უნივერსიტეტი ფონეტიკის მხოლოდ შესავალ კურსს გვთავაზობს სტუდენტებს, რაც ნამდვილად არ იყო საკმარისი ამ მიმართულებით ინტერესის გასაღვივებლად. ახლა კი, მას შემდეგ, რაც აღნიშნული კურსი ტუბინგენში გავიარე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინე და განსაკუთრებით დავინტერესდი ენათმეცნიერების ამ კონკრეტული მიმართულებით.  

გაცვლითი პროგრამები გვეხმარება საკუთარი უნარების გაანალიზებაში

მეორე მიზეზი, თუ რატომ არის გაცვლთი პროგრამა ამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო, ვფიქრობ, არის შესაძლებლობა შეხვდე შენი ფაკულტეტის სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და შედარებები გააკეთო თქვენს ცოდნას, შესაძლებლობებსა და გამოცდილებებს შორის. ეს ყველაფერი მე ძალიან დამეხმარა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვასა და სწორად შეფასებაში. ეს არის ერთგვარი გამოწვევა, ჩაება საერთაშორისო მასშტაბების კონკურენციაში და მაქსიმალურად განავითარო და გამოავლნო შენი შესაძლებლობები. უცხო სტუდენტებთან შეხვედრა და მათი გამოცდილება საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციის წყაროც შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კარიერული შესაძლებლობების აღმოსაჩენად და შემდგომ გამოსაყენებლად. მაგალითისთვის, სხვა გაცვლითი სტუდენტებისგან ინფორმაცია მივიღე მანამდე ჩემთვის უცნობი პროგრამების შესახებ, რის გამოყენებასაც მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისას ვგეგმავ.

პროფესიული განვითარების გარდა, აუცილებლად აღსანიშნავია პიროვნული ზრდა. ახალ ქვეყანაში ცხოვრებისას ძალიან ბევრ სიახლესთან და სირთულესთან განმკლავება შეიძლება დაგჭირდეს და თანაც, ძირითად შემთხვევაში მარტოს, რაც ვფიქრობ, პიროვნულად ძალიან გაძლიერებს და უფრო მეტად დამოუკიდებელ პიროვნებად გაყალიბებს. შენთვის სრულიად უცხო გარემოში ცხოვრება საკუთარ თავზეც ბევრ, მანამდე უცნობ რამეს გასწავლის. შეიძლება გაიჩინო ახალი საინტერესო ჰობი ან თუნდაც აღმოაჩინო რაიმე ნიჭი. ყველაფერთან ერთად კი, სხვა ქვეყანაში ცხოვრება საინტერესო კულტურული თავგადასავალია. ხვდები და ეცნობი სხვა კულტურის წარმომადგენლებს, ერთმანეთს უზიარებთ ინფორმაციას თქვენი ქვეყნისა და ტრადიციების შესახებ, აგემოვნებთ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, რაც საბოლოოდ ძალიან საინტერესოს, შთაბეჭდილებებით დატვირთულს და დასამახსოვრებელს ხდის სხვა ქვეყანაში ცხოვრების პერიოდს.

შეჯამების სახით კი ვიტყვი, რომ ალბათ ვერაფერი გაამრავალფეროვნებს სტუდენტურ წლებს ისე, როგორც გაცვლითი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პროგრამაში გამარჯვება, ცდად აუცილებლად ღირს.

დატოვეთ კომენტარი