ხაშურში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის დაქირავებული კომპანიის მფლობელმა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ 50 000 ლარი შესწირა.
საუბარია კომპანიაზე “ლ და კ”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი დავით კაპანაძეა. მან პარტიას თანხა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ შესწირა. სხვადასხვა წლებში კაპანაძეს “ოცნებისთვის” 152 000 ლარი აქვს გადარიცხული.
ტენდერის შესახებ:
“ლ და კ” სამუშაოების შესასრულებლად წყალმომარაგების კომპანიამ დაიქირავა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის ვალდებულება ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების პროექტირება-მშენებლობაა.
ტენდერში 4 სხვადასხვა კომპანია მონაწილეობდა, თუმცა უწყებამ არჩევანი “ლ და კ”-ზე შეაჩერა და საბოლოოდ მხარეებს შორის 25 749 986-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი 2024 წლის 13 მაისს მოეწერა.
ბოლო მონაცემებით, წყალმომარაგების კომპანიას ჯამში საერთო თანხის 62% აქვს გადარიცხული “ლ და კ”-სთვის. ბოლო ჩარიცხვა 1 097 447 ლარის ოდენობით, 13 ოქტომბერს არის დაფიქსირებული.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2025 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
რა ვიცით კომპანიის შესახებ?
კომპანიამ „ლ და კ“ 2016 წლიდან 115 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია 2022 წელს შესყიდვების შავ სიაში მოხვდა „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაც გულისხმობდა ჩხოროწყუს სოფლების კირცხის და სარაქონის გაზიფიცირებას. შავ სიაში მოხვედრიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიამ ისევ განაგრძო ტენდერების მოგება.
გარდა სახელმწიფო შესყიდვება:
- შპს „ლ და კ“-ს შვილობილ კომპანიას შპს „ფარმა ექსპორტს“ 2020 წელს სოფელ წნორთან მდინარე ალაზანზე 86,640 კვ.მ ქვიშის მოპოვების ხუთწლიანი ლიცენზია აქვს მიღებული.
- ასევე, დავით კაპანაძის სხვა კომპანიამ, შპს „ევროდრიპი“ 2019 და 2020 წლებში 543,008 ლარი მიიღო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“.