სტატიები

მუშებს, რომლებმაც ქარელის N1 სკოლა გაარემონტეს, ხელფასები არ მიუღიათ

ქარელის N1 საჯარო სკოლასთან დღეს ის მუშები შეიკრიბნენ, ვინც შენობის სარემონტო სამუშაოები განახორციელეს. ისინი ამ ფორმით ცდილობდნენ პასუხი მიეღოთ კითხვაზე, თუ როდის აიღებენ 7 თვის ხელფასს.

როგორც ერთ-ერთი მუშა ზაზა კაზუმოვი “მოზაიკას” ეუბნება, მათ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს, თუმცა ანაზღაურებას არ უხდიან. 

“სკოლა უკვე ჩაბარდა, სწავლა დაიწყო. ჩვენ კიდევ ხელფასი ამ დრომდე არ აგვიღია“, – ამბობს კაზუმოვი. 

რეაბილიტირებული სკოლა საზეიმოდ ახალი სასწავლო წლისთვის გახსნეს. ღონისძიებას განათლების მინისტრი ზვიად გაბისონიაც ესწრებოდა. 

სკოლის შენობის რეაბილიტიცაციის პროექტი  “სამშენებლო ჯგუფმა” განახორციელა, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდისგან  5 164 783 ლარი მიიღო. პროექტი სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, სკოლის რემონტსაც ითვალისწინებდა. სწორედ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ ის მუშები, რომლებსაც ხელფასი ასაღები აქვთ. 

კომპანიის წარმომადგენელი მხოლოდ ტელეფონზე გვესაუბრება და კონკრეტულს არაფერს გვეუბნება. ვგრძნობთ, რომ გვატყუებენ. 30-მდე ადამიანი ვართ, ვინც დავიწყეთ და დავასრულეთ ეს სამუშაო, მაგრამ ხელფასი არ მიგვიღია“, – აცხადებს კაზუმოვი.

სარემონტო სამუშაოებზე ძირითადად ადგილობრივი მუშა-ხელი მუშაობდა. მათ კომპანიასთან შუამდგომლობა სკოლის დირექტორს უკვე ორჯერ სთხოვეს.

10 დღის წინაც შევხვდით სკოლის დირექტორს. მაშინაც ვუთხარით ჩვენი გასაჭირის შესახებ, მაგრამ ვერაფერი პასუხი ვერ გაგვაგებინა. დღესაც მივედით სკოლაში და ისე გამოვიდა, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებას ვცდილობდით და ჩვენ ვქმნიდით პრობლემას. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ვინმემ გვიშუამდგომლოს კომპანიასთან და ჩვენი კუთვნილი ხელფასი მოგვცენ“, – ამბობს კაზუმოვი. 

კომპანიასთან შუამდგომლობაზე უარს ამბობს ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც. 

სკოლა და რესურსცენტრი ამ საკითხში ვერ ჩაერევა. დამიკავშირდა დირექტორი და ამიხსნა, რა ვითარებაც იყო ადგილზე. სასწავლო პროცესის ჩაშლის უფლება არავის აქვს. ვუთხარი, თუ არ წავლენ, პოლიცია გამოეძახა. მათ უნდა მიმართონ კომპანიას, ჩვენ ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ ვართ“, – აცხადებს რესურსცენტის ხელმძღვანელი მარიკა საზანდრიშვილი.

“სამშენებლო ჯგუფთან” დაკავშირება “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულ ნომერს არავინ პასუხობს. 

ინფორმაციისთვის, კომპანია “სამშენებლო ჯგუფი” თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა. მისი მფლობელი ირაკლი კაპანაძეა, რომელიც 66.6% -იან წილს ფლობს შპს “ჯი ემ”-ში. აღნიშნული კომპანია ზესტაფონშია რეგისტრირებული და ირაკლი კაპანაძესთან ერთად, მისი მეწილეა ქართლოს ყიფიანი.

დატოვეთ კომენტარი