კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე მშობელმა მედიასთან სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბარი გადაწყვიტა.
ისინი ამბობენ, რომ სკოლაში ხშირია ჩხუბები, სწავლების დონე დაბალია და მოსწავლეებს კლასების დალაგებას ავალებენ. მშობლები განათლების სამინისტროს სკოლის მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვენ.
| “მანდატური არ არის. სულ ჩხუბებია…”
ერთ-ერთი მშობელი ჟურნალისტს სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მოუყვა. უთხრა, რომ 12 წლის ბავშვებმა იჩხუბეს, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მეორე ხელის არეში დაჭრა.
“ჭრილობა ჰქონდა ხელის არეში. ჩემი თვალით ვნახე, ფოტოც მაქვს“, – ამბობს მშობელი.
მისი თქმით, დაშავებულის დასახმარებლად სკოლის დირექციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახა და ფაქტის შესახებ არც პოლიციას აცნობა.
დანაშაულის დამალვას უარყოფს სკოლის დირექტორი. შახალ ისმაილოვი ამბობს, რომ შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
“მე “ატვეჩაი” ვარ იმაზე, რაც სკოლის ტერიტორიაზე ხდება და ეგეთი რამ სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა“, – ამბობს შახალ ისმაილოვი.
მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
| “შვილიშვილი მიყვება, რომ კლასებს ალაგებინებენ”
მშობელი, რომელმაც მედიას ბავშვებს შორის დაპირისპირების შესახებ უამბო, ამავე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ბაბუაა.
“აგერ, ჩემი შვილიშვილი 10 წლისაა და მიყვება, რაც ხდება სკოლაში. ხან ნაგავს აყრევინებენ, ხან კლასებს აგვევინებენ და ხან ფანჯრებს აწმენდინებენ. მორიგე ხარო, ეუბნებიან და ვერ გავიგე, ეს სკოლაა და სამუშაო?“, – ამბობს 10 წლის ბავშვის ბაბუა.
მისი თქმით, კლასების დალაგებას მოსწავლეებს მასწავლებლები ავალებენ. სკოლაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ოჯახმა ბავშვი მეზობელ სოფელში, ოკამის სკოლაში გადაიყვანა.
| “სწავლა არაა. ბავშვებმა წერა – კითხვა არ იციან”.
სკოლიდან ბავშვი ოკამის სკოლაში სხვა ოჯახმაც გადაიყვანა. ამაზე, მედიასთან მეხუთე კლასელი მოსწავლის მამამაც ისაუბრა.
“გადავიყვანე სხვა სკოლაში, რადგან მინდა, რომ საქართველოს ისტორია იცოდეს. საქართველოში ცხოვრობს და ქართულად წერა-კითხვა არ იცის“, – ამბობს მშობელი.
მისი თქმით, სკოლაში სწავლების დაბალი ხარისხია.
| დირექცია ყველაფერს უარყოფს.
სკოლაში არსებულ პრობლემებზე დირექციას საუბარი არ სურს. ჟურნალისტის კითხვებს გაურბიან მასწავლებლებიც. მათი თქმით, “სკოლაში ყველაფერი ძალიან კარგად არის”.
ფერმის საჯარო სკოლა ერთ-სართულიან შენობაშია განთავსებული. მწვანედ შეღებილი სკოლის კედლებიდან აქა-იქ ბათქაში ცვივა. საკლასო ოთახების ნაწილსში კი დღემდე ძველებური მერხები და სკამები დგას.
15 წელია, სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვია.
ფერმაში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ – ბოლო აღწერით, მათი რიცხვი სოფლის მოსახლეობის თითქმის 90%-ს შეადგენს.