16 წლის გორელი მოზარდის გარდაცვალებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს დაზუსტებული პასუხი, ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა.
| რა მოხდა 6 აგვისტოს და საიდან გაჩნდა თვითმკვლელობის ვერსია საქმეში?
6 აგვისტოს, გამთენიისას გორში, ცაბაძის ქუჩაზე 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივებმა გარდაცვლილი სადარბაზოს წინ იპოვეს, თუმცა ამბობდნენ, რომ ვარდნის ხმა ან ყვირილი არ გაუგიათ.
“ამ კორპუსში არ ცხოვრობდა. არც რაიმე ხმაური გაგვიგია“, – ამბობდნენ ადგილობრივები.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გამოძიება შეიძლებოდა თვითმკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებულიყო.
| რატომაა დაუჯერებელი თვითმკვლელობის ვერსია ახლობლებისთვის?
თვითმკლელობის ვერსიას გამორიცხავენ მოზარდის ახლობლები და ამბობენ, რომ გარდაცვლილი მოზარდის სხეულზე არსებული სხვადასხვა დაზიანებები განზრახ მკვლელობაზე მიუთითებს.
“ჩვენს თვალწინ ახალგაზრდა სიცოცხლე გაიმეტეს. ეს იყო მკვლელობა, რომელსაც ახლა ცდილობენ თვითმკვლელობად გამოაცხადონ. ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არაა – ესაა მთელი ჩვენი უბნისა და ქალაქის ტრაგედია“,- ამბობს თეონა შატაკიშვილი.
მოზარდის ახლობლებსა და მის უბნელებს, მიაჩნიათ, რომ გივიკო მოკლულია. სადგურის დასახლების სახელით მათ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელეს.
“ჩვენ, რკინიგზის სადგურის მცხოვრებლები, აღარ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ იმ უსამართლობაზე, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. ჩვენს თვალწინ ახალგაზრდა სიცოცხლე გაიმეტეს – ეს იყო მკვლელობა, რომელსაც ახლა ცდილობენ თვითმკვლელობად გამოაცხადონ. ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არაა – ესაა მთელი ჩვენი უბნისა და ქალაქის ტრაგედია“, – წერდნენ გივიკოს მეზობლები.
გივიკოს ახლობლებმა “მოზაიკას” რამდენიმე ფოტოც გამოუგზავნეს, რომლებზეც ჩანს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს. [ფოტოები “მოზაიკამ” მასალიდან მას შემდეგ წაშალა, რაც ოჯახის ნათესავმა გამოხმაურების სახით დაწერა, რომ ისინი გამოძიების საბოლოო დასკვნას ელოდებიან და დამატებითი დეტალების გასაჯაროება ამ ეტაპზე არ სურთ.]
მეგობრებისგან მიწოდებული ცნობების გათვალისწინებით, თვითმკვლელობის ვერსიის არც გივიკო გიგოლაშვილს მასწავლებელს სჯერა.
“მე, მის მასწავლებელს, უბრალოდ არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო, ჯერ როგორ გაიმეტეს ეს ბავშვი და მერე მიივიწყეს. არ მჯერა სუიციდის ვერსიის და ასეც რომ იყოს, აღენიშნება ძალადობის კვალი, შესაძლოა აიძულეს კიდეც თვითმკვლელობა. უამრავი კითხვა ჩნდება და ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი სამართლიანობისთვის და სხვა ბავშვების დასაცავად“, – ამბობს მელთაური.
| “ყველაფერი საეჭვოა, მაგრამ ამ დრომდე ახალი არაფერია.”
სოციალურ ქსელში პერიოდულად იწერება პოსტები, რომლითაც მოქალაქეები გივიკო გიგოლაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვენ. ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რომლითაც ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი უნდა დადგინდეს.
“გამოძიება ისევ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ექსპერტიზის პასუხებიდან ნაწილი არის ცნობილი, ნაწილს ველოდებით, თუმცა საბოლოო ჯამში ჯერ სრულად არაფერი ვიცით. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა კახა კალმახელიძემ, რომელიც ოჯახის ადვოკატია.
უშუალოდ ოჯახს ამ დრომდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქმის გასახსნელად. ახლობლები კი შიშობენ, რომ გაჭიანურებული გამოძიების პირობებში, სიმართლის დადგენა გაძნელდება.