სტატიები

“მშრომელი ბიჭი, რომელსაც უანგაროდ უყვარს ქვეყანა” – ვინაა დაკავებული გორელი აქტივისტი

დაკეტილი სახელოსნოს კედელზე საქართველოს და ევროკავშირის დიდი დროშები კიდია. დღეს იმ სივრცის კარი, სადაც ახალგარდა ბიჭი წლებია დაზიანებულ ტელეფონებს აკეთებს, არ გაღებულა.

ვახო ფიცხელაურის სახელოსნო

დაიკეტა გუშინ. შუადღით, როცა პოლიციამ ვახო ფიცხელაური განყოფილებაში გადაიყვანა. ორი შვილის მამას ოჯახთან დარეკვის საშუალება არ მისცეს. 

ბავშვები უნდა გამოეყვანა ბაღიდან. ასე ხდებოდა ხოლმე. სამსახურის შემდეგ მიდიოდა მათთან და სახლში მოჰყავდა. ეს რომ არ გააკეთა, მაგით მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. რამდენიმე საათი ვცდილობდი მასთან დაკავშირებას – ზარი გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა“, – იხსენებს თეო ბზიშვილი, ვახო ფიცხელაურის მეუღლე. 

დაკავებიდან თითქმის 5 საათის შემდეგ, შსს-ს სპეციალური ბრიფინგიდან ახლობლებმა გაიგეს, რომ ვახო ფიცხელაური 4 ოქტომბრის მოვლენების გამო იყო დაკავებული.

“რას ვეტყვი ჩვენს შვილებს? ვეტყვი, რომ მათი მამა რეჟიმმა სამკურნალოდ წაიყვანა, რადგან ისეთი ქრონიკული დაავადება სჭირს, როგორიცაა სამშობლოს უპირობო სიყვარულია, მაგრამ თუ ამით დაავადდი, ვეღარ განიკურნები“, – დაწერა ფეისბუქზე თეო ბზიშვილმა.

ეს სიტყვები სოციალურ ქსელებში ასობით მოქალაქემ გააზიარა. სოლიდარობის ნიშნად, არაერთი პოსტი დაიწერა. დაიგეგმა მხარდამჭერი აქციაც.

ვახო ფიცხელაური ოჯახთან ერთად

დღეს კი, ახლობლები დილიდან იმ პირველად ნივთებს აგროვებენ, რომლებიც ვახოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში დასჭირდება. 

უყურებენ შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებსაც, რომელშიც ჩანს, რომ დაკავებულ ახალგაზრდას ფიზიკური დაზიანებები აქვს. ამას ფიცხელაურის ადვოკატიც ადასტურებს.

დაკავების მომენტიდანვე იყო ძალის გადამეტება, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის სახით. თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ოჯახმა არ იცოდა, სად იმყოფებოდა ვახო. ამ ეტაპზე თავს მხნედ გრძნობს“, – აცხადებს ადვოკატი.

ვახო ფიცხელაური ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. არაერთხელ უთქვამს, რომ საკუთარი კრიტიკული პოზიციების გამო, დევნის ობიექტი იყო. მაგალითად, 2025 წლის იანვარში ამბობდა, რომ ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, სცემეს და გაძარცვეს. 

მიუხედავად მტკიცებულებებისა, დღემდე არცერთი პირი არ დაუკავებიათ“, – ამბობდა ფიცხელაურის მეუღლე. 

ვახო ფიცხელაური აქციაზე, მეგობრებთან ერთად

პროტესტში მონაწილეობის პარალელურად, ვახო ფიცხელაური ტელეფონების შემკეთებლად მუშაობდა. 

ეს ადამიანი დილიდან საღამომდე მუშაობს ოჯახის სარჩენად, და შებინდებისას – სამშობლოს დასაცავად გადის ქუჩაში“, – ამბობს მისი მეგობარი, რუსკა ბუზიაშვილი. 

ამ კაცის დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ტელეფონების შემკეთებელ გორელ ბიჭს უანგაროდ უყვარს ქვეყანა“, – წერს ირაკლი მილაძე.

ეს ოჯახი შვილებით იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. მათი სიმამაცე, ერთგულება და სიმართლე ჩემთვის საამაყოა“ – წერს თეონა ფანქველაშვილი.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, ვახო ფიცხელაურმა საკუთარ ფეისბუქ ლაივში თქვა, – “ვფიქრობ, გაჩერება არ შეიძლება. ახლა უნდა დავიწყოთ 24-საათიანი პროტესტი – უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავებში ძალა და დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.