სტატიები

“ერთი მანდატიც მნიშვნელოვანია?“ – შიდა ქართლში ოპოზიცია საკრებულოებში შესვლაზე მსჯელობს

შიდა ქართლში არჩევნები დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯერ ისევ უცნობია. ოპოზიცია ფიქრობს, რა სჯობს – ხელისუფლებას საკრებულოს შიგნიდან ებრძოლოს თუ გარედან?


ცესკომ შიდა ქართლის 201-ვე უბნის მონაცემები შეაჯამა. პირველადი მონაცემებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს და საკრებულოებშიც უპრეცენდენტო უმრავლესობა “ოცნებას” აქვს. 

ოპოზიციურ პარტიებს გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის საკრებულოებში 2-4 მანდატი ხვდებათ. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა:

 “რა აზრი ექნება საკრებულოში ოპოზიციის ამგვარი წარმომადგენლობით ყოფნას?”

ამ კითხვაზე ჩამოყალიბებული პასუხი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა უმრავლესობას ჯერ არ აქვს. 

ჯერ არ ვიცით, რას ვიზამთ“, – გვითხრეს “ლელოს” გორის ოფისში.

“ლელოს” წარმომადგენელთა პასუხები აჩენს განცდას, რომ საკითხზე შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს და აზრთასხვადასხვაობაა. 

მაგალითად, “ლელოს” წარმომადგენელი მაია ახალკაცისთვის გაუგებარია, რის გაკეთებას შეძლებს ოპოზიცია ასეთი მცირე წარმომადგენლობით საკრებულოში. 

ხაშურში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თითო მანდატი ავიღეთ – სულ ოთხი დეპუტატი ვიქნებით. რას შევძლებთ ამ პირობებში, ძნელი სათქმელია. ბრძოლის შეწყვეტას რომ არ ვაპირებ, ეს ვიცი“, – გვითხრა მაია ახალკაცმა “ლელოს” წარმომადგენელმა ხაშურში. 

სამაგიეროდ, საკრებულოში შესვლას საჭიროდ თვლით მისი თანაპარტიელი ქარელში. 

შევალთ საკრებულოში, რათა მეტი ინფორმაცია გვქონდეს, თუ რას აპირებს “ქართული ოცნება”, რომ ჩვენ ამომრჩეველს ინფორმაცია მივაწოდოთ მათი გეგმების შესახებ თუ რამეს არასასიკეთოს აკეთებენ, რაღაცაში მაინც შევეწინააღმდეგებით. აქედან გამომდინარე, საჭიროა ერთი მანდატიც კი საკრებულოში“, –  გვითხრა ზურა ლეკიშვილი, “ლელოს” წარმომადგენელმა ქარელში.  

“ლელოს” მსგავსად საბოლოო გადაწყვეტილება არც გახარიას პარტიას აქვს მიღებული. 

“ამ მომენტში ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო. საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ”, – გვითხრა ხაშურში პარტიის  „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ირინე გელაშვილი. 

ანალოგიური პასუხი გაგვცა ვასიკო ბაქრაძემ, ამავე პარტიის წარმომადგენელმა ქარელში. 

“ფიქრი მაქვს, ხომ არ სჯობს ხელისუფლება მარტო დარჩეს თავის თავთან. დაინახონ, სადამდე მივიდნენ, როგორ ჩაუკლეს ყველა ბერკეტი ოპოზიციას. მაგრამ იმ ადამიანების წინაშე ვგრძნობ ვალდებულებას, ვინც მენდო და მანდატი მომცა. ამ ჭიდილში ვარ, ჩამოვყალიბდები და გადაწყვეტილებას მალე მივიღებ”. 

ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელსაც საკრებულოში შესვლა გადაწყვეტილი აქვს ზაზა მეხრიშვილია – ის ხაშურში “გირჩის” სახელით იყრიდა კენჭს. 

მე ხალხმა გამომიცხადა ნდობა და აუცილებლად გავამართლებ მათ იმედს. ჯერ ისე ვაკონტროლებდი თითოეულ ნაბიჯს მერიაში და საკრებულოში. ახლა უფრო ღრმა კონტროლი მექნება“, – გვითხრა მეხრიშვილმა. 

4 ოქტომბრის არჩევნებში 8 პროდასავლურმა პარტიამ, ბოიკოტის ნიშნად, მონაწილეობა არ მიიღო. სამოქალაქო საზოგადოება იმავეს სთხოვდა პარტიებს “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის”, თუმცა მათ არჩევნებში მონაწილეობა არჩიეს. ახლა კი, არჩევნების პირველადი შედეგების ფონზე, მათმა ადგილობრივმა წარმომადგენლებმა არ იციან, რის შეცვლას შეძლებენ საკრებულოებში ყოფნით. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი