გორის საკრებულოს შენობის წინ მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ. რკინის ჯებირზე კი ისევ იყო პოსტერი, რომელიც გუშინ ერთ-ერთმა აქტივისტმა გააკრა. პოსტერზე წერია:
“ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა იყო 4 ოქტომბერს” რუსთაველია”.
4 ოქტომბერი, 4 თებერვლის შემდეგ, ერთადერთი დღე იყო, როცა გორელი სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს შენობასთან არ იდგნენ. გორის უწყვეტი პროტესტის ყველა აქტიური მონაწილე გუშინ თბილისში წავიდა.
აქციის დასრულების შემდეგ, ზოგიერთმა მათგანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკან იმედგაცრუებული ბრუნდებოდა. იყო ფეისბუქ-პოსტები ბრძოლის შეწყვეტის შესახებაც, თუმცა დღეს “მოზაიკასთან” გაკეთებულ მათ განცხადებებში უკვე შეცვლილი განწყობები ჩანდა:
“ნიჰილიზმის დრო არ არის, რადგან ახლა ერთადერთი, ვის წისქვილზეც ჩვენი ნიჰილიზმში ჩავარდნა წყალს დაასხამს, არიან ქვეყნის მტრები – ქოცები,“ – უთხრა “მოზაიკას” თეო ბზიშვილმა.
დღეს “მოზაიკას” საკუთარი ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა თეონა ფანქველაშვილმა. ვიდეოში სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ “მოქალაქეებს ომი არ წაუგიათ”.
“ახალი დღე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ“, – მიმართავს თეონა ფანქველაშვილი იმ მოქალაქეებს, რომლებიც თითქმის ერთი წელია ქუჩაში დგომით აპროტესტებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას.
აქციებზე დგომას აპირებს საბა ბულისკერიაც. მისი თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია და გუშინდელი დღე პროტესტს “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ ვერ შეცვლის.
“ბრძოლა გრძელდება, ყველანაირი დიდი თარიღის გარეშე. ვიდგებით იქამდე, სანამ არ მივიღებთ სამართლიანობას“, – ამბობს ბულისკერია.
გუშინდელ აქციას ცვლილების სურვილის გამოხატულებად აღიქვამს გორის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე თამარ ედიშერაშვილი.
“ამ დღემ დამანახა, რომ მუხტი არსად არ წასულა და უამრავ ადამიანს აქვს ცვლილების მოთხოვნილება. ასე შემთხვევით, ყოველგვარი მარშუტკების და სიების გარეშე, ხალხი რომ თავის ნებით ქუჩაში გადის, ეს ყველა ხელისუფლებისთვის არის სიმპტომატური მესიჯი“, — ამბობს ედიშერაშვილი.
გუშინ, როცა ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. დაანონსებული იყო მშვიდობიანი რევოლუცია.
საბოლოოდ, სპეც.რაზმა აქცია დაშალა, აქციის ორგანიზატორები (პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე) კი დააკავა.
მოვლენების ამგვარი განვითარების მიუხედავად, მოქალაქეები დღეს ისევ იდგნენ როგორც თბილისში – რუსთაველზე, ისე გორში – საკრებულოს შენობის წინ.