სტატიები

„ოცნება“ კასპში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვეითებს – მის ნაცვლად სიის სათავეში ძალადობაში ბრალდებული ზურაბ ჩიტიშვილია

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის შოთა ბეგლარიშვილის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ პარტიული სიის პირველ ნომრად წარადგინა ძალადობისთვის ბრალდებული ზურაბ ჩიტიშვილი.

ბეგლარიშვილი კი ამჯერად პარტიამ მაღალი თანამდებობის ნაცვლად, მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა კასპის N8 უბანში.

“მოზაიკა” დაუკავშირდა ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც არ უპასუხა კითხვას თუ როგორ მოხვდა მის ნაცვლად სიის სათავეში ძალადობისთვის ბრალდებული და გირაოთი გამოშვებული ზურაბ ჩიტიშვილი.

„არ არის ბრალდებული”, – მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა ბეგლარიშვილი, რის შემდეგაც, მან ტელეფონი გათიშა.

რაც შეეხება თავად ჩიტიშვილს მან კითხვის დასმის შემდეგ ისე გათიშა ტელეფონი, რომ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.

კასპში ოცნების პროპორციულ სიაში N8 ნომრად არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ჩიტიშვილის მსგავსად, ასევე ძალადობისთვის არის ბრალდებული. მედიასთან კომენტარისგან ისიც თავს იკავებს.

ბრალდება კი უკავშირდება კასპის საკრებულოში 2022 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებს, როცა სამოქალაქო აქტივისტებს და მედიას არ აძლევდნენ სხდომაზე შესვლის უფლებას, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ 3 წლის შემდეგ დაიწყო სასამართლო განხილვები, ისიც მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე თავდასხმის ეპიზოდი. სწორედ მილაძის ცემის გამო არიან ოფიციალურად ბრალდებულის სტატუსით მოქმედი საჯარო მოხელეები – ზურაბ ჩიტიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ახლა უკვე მომდევნო საკრებულოს პარტიული სიის სათავეშიც არიან.

იმის გამო, რომ მედიაზე თავდასხმა არ გამოიძია ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

„ეს ადამიანები რომ ჯგუფურ თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას, არ ვამბობ მხოლოდ მე ან ჩემი ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები, ამას ამბობს პროკურატურაც, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი საფუძველი არ გახდა იმის, რომ ეს ადამიანები არათუ პარტიულ სიაში ჩაესვათ, არამედ საერთოდ გაეშვათ საჯარო სამსახურიდან. დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან მოძალადეები, რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც მათთან ერთად იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას, ესენი არიან სამართალდამცველები, რომლებიც არათუ დასაჯეს, არამედ დააწინაურეს კიდეც”, – ამბობს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი.

საჩივარი ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ლექსო მერებაშვილმა მოამზადა. სწორედ ის იცავს სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძის ინტერესებსაც სასამართლოში.

„როგორც გამოძიების ეტაპზე გაგვიჭირდა რომ დაგვეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ადამიანების წინააღმდეგ, ასევე სასამართლო პროცესები წლებია იწელება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რადგანაც ჩასვეს პარტიულ სიაში, მათი გამართლებაც კი მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომტკიცებულებები არსებობს, როგორ ძალადობენ ისინი სამოქალაქო აქტივისტზე და სხვა თანამშრომლები ჟურნალისტებზე. პრინციპში გასაკვირი არც არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დააწინაურა ეს ადამიანები”, – აცხადებს იურისტი.

დატოვეთ კომენტარი