სტატიები

რა ქონება დააგროვა ქარელის მერმა “ოცნების” მმართველობის პერიოდში?

ქარელში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კვლავ ზაზა გულიაშვილი იქნება.

გულიაშვილი ქარელის მმართველ პოზიციაზე 2014 წელს მოვიდა. თავდაპირველად ის ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მოგვიანებით გამგებელი გახდა, შემდეგ კი – ქარელის მერი. 

ქარელის სათავეში მოსვლის დროს, ზაზა გულიაშვილი 41 წლის იყო და მის საკუთრებაში 1 მიწის ნაკვეთი, 1 ბინა და 1 საცხოვრებელი სახლი ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, გულიაშვილს შემოსავალი არც სოფლის მეურნეობიდან ჰქონდა. 

ბოლო წლებში კი, მისი ქონებრივი მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. გულიაშვილმა შეიძინა მიწის ნაკვეთები და სახლები.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც გულიაშვილმა მიმდინარე წლის აპრილში შეავსო, ქარელის მერი ფლობს 3 ბინას – თბილისში, ხოლო ერთ საცხოვრებელ სახლს და 6 მიწის ნაკვეთს – ბრეთის მეურნეობაში. 

მერობის პერიოდში შეძენილი უძრავი ქონებების ჩამონათვალი კი, ასეთია:

2 ბინა თბილისში – ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ბინაში გულიაშვილმა 126 626 ლარი გადაიხადა, ხოლო სურგულაძის ქუჩაზე მდებარე ბინაში – 170 000 ლარი. 

6 მიწი ნაკვეთი ბრეთის მეურნეობაში – აქედან, 45 031 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთები, გულიაშვილმა 2016 – 2024 წლებში, 30 450 ლარად შეიძინა. 4 966 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი კი, საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი კომისიის ნებართვით, უსასყიდლოდ დაირეგისტრირა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ზაზა გულიაშვილს შემოსავალი უფიქსირდება სოფლის მეურნეობიდან. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ამ სფეროდან პირველი შემოსავალი ზაზა გულიაშვილს 2024 წელს მიიღო, 25 000 ლარის ოდენობით. ამ დროს, გულიაშვილი უკვე ქარელის გამგებელია და მისი მისი შრომითი ანაზღაურება, წლიურად 21 200 ლარია. 

დოკუმენტების მიხედვით, ამ სფეროდან შემოსავალი გულიაშვილს მომდევნო წლებშიც უფიქსირდება:

  • 2015 წელი: 50 000 ლარი;
  • 2016 წელი: 38 000 ლარი;
  • 2017 წელი: 30 000 ლარი;
  • 2018 წელი: 38 000 ლარი;
  • 2019 წელი: 41 000 ლარი;
  • 2020 წელი: 75 000 ლარი;
  • 2021 წელი: 90 000 ლარი;
  • 2022 წელი: 105 000 ლარი;
  • 2023 წელი: 127 000 ლარი;
  • 2024 წელი: 130 000 ლარი.

ჯამში, 2015-2024 წლებში, გულიაშვილმა სოფლის მეურნეობიდან 724 000 ლარი მიიღო, თუმცა შემოსავლის გარდა, დოკუმენტაციის მიხედვით, ქარელის მერს სასესხო ვალდებულებებიც ეზრდებოდა. 

2015 წლის შემდეგ, სხვადასხვა მიზნით, მან სესხის სახით 370 000 ლარზე მეტი აიღო, მათი ნაწილი შეღავათიანი აგროსესხები იყო. 

რაც შეეხება, სახელფასო ანაზღაურებას, 10 წელში, გულიაშვილს ქარელის ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 450 000 ლარამდე აქვს მიღებული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 10 წელში, მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება 600 000 ლარს აღწევს. 

დატოვეთ კომენტარი