სტატიები

“ჯაგა”, “ფარეხელა”, “კოკოშკა” – ქურდული სამყაროს წვერობისთვის დაკავებულთა შორის გორელებიც არიან 

“სტალინა”, “ფარეხელა”, კოკოშკა”, “ჯაგა” – პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 20 პირი დააკავა, მათ შორის შიდა ქართლშიც.

სპეცოპერაცია, გამთენიისას მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ზოგიერთი მათგანი საკუთარ საცხოვრებელ სახლშივე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სახლებიდანვე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, საბრძოლო მასალები და იარაღი. 

დაკავებულებიდან ოთხს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, რადგან შსს-ს ინფორმაციით, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

სამინისტრომ ასევე გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც,  დაკავებული პირები ფინანსური დავების მოსაგვარებლად კრიმინალურ ავტორიტეტებთან გადიოდნენ კავშირზე. თუ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლის როლში არ გადაიხდიდნენ დიდი ოდენობით თანხებს მათ ქურდების სახელით სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ.

გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში, შსს-ს ცნობით, დაკავებული “კოკოშკას” და “ბაკოს” საუბარი ისმის: 

“გორი იმენა ჩიკაგო გაეძრო რა, არ გადაიხდის ფულს და მიცა ბენზინი კაროჩე…

“მე კოკოშკა ვარ, ჩვენი ზემლიაკია ერთი სპორტსმენი, სიმონ და მაგია საქმის კურსში. მაგი ფული მარტო ჩემი კი არაა, როგორც ჩემია ისე სოსოსია….”

“მე რომ რამე მომივიდეს, ბოზიშვილი ვიყო თუ ცოცხალი დავტოვო. ჩემს შვილს შეიძლება რომ ცუდი მოუხდეს რამე?”

შსს-ს ვერსიით, დაკავებულების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე  ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდები მონაწილეობდნენ.

დადგინდა რომ ბრალდებულები ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ, თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. 

დაკავებულებს შორის არიან გორელებიც. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად მარნეულის იზოლატორში იმყოფება და მის ინტერესებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იცავს. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფება მარნეულის იზოლატორში, მასთან შეხვედრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა საქმის მასალები გადმომეცა. წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია ამ მუხლით. ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. გამოვრიცხავ, რომ მას ქურდულ სამყაროსთან შეხება ჰქონია ოდესმე. მისი დაკავება მოხდა, საკუთარ სახლში, გამთენიისას“, – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა. 

დაკავებულების წინააღმდეგ, გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები