გორის რაიონულმა სასამართლომ სადგურის დასახლებაში მომხდარ დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს ვ.ა.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„მოზაიკას” ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღვოდა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების მიერ, ბიზნესის რეკეტის მცდელობა. კერძოდ, ბიზნესმენს, რომელსაც გორში სასურსათო მაღაზიების ქსელი აქვს, ფულს სთხოვდა რამდენიმე პირი. მაღაზიების მფლობელი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმის, რომ ფული მიეცა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირებისთვის.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სისხლიან ანგარიშსწორებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიზნესმენი ვ.ა. ფიზიკურად გაუსწორდა ერთ-ერთ იმ პირს, რომელიც “მოზაიკას” ინფორმაციით, მას თანხას სთხოვდა.
8 ივლისს კი, სავარაუდოდ შურისძიების მოტივით, ბიზნესმენთან საქმის გასარჩევად მივიდა რამდენიმე პირი, რასაც ვ.ა.-ს მხრიდან მოჰყვა რამდენიმე გასროლა. შედეგად, დაიჭრა ერთ-ერთი პირი 20 წლის რ.კ., რომელიც წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.
როგორც ბიზნესმენის ადვოკატი სპარტაკ ვარძელაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იყენებს დუმილის უფლებას“, – ამბობს ვარძელაშვილი.
„მოზაიკას” კითხვაზე, მისცა თუ არა ჩვენება ბიზნესის სავარაუდო რეკეტთან დაკავშირებით, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მის დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიებასთან არ უსაუბრია.
საქმის გარშემო ბრალდებულია კიდევ 3 პირი, მათ შორის არის ბიზნესმენის ძმისშვილი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოს გაათავისუფლა, დანარჩენი ბრალდებულები კი, წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთი წლის წინ ბიზნესმენის მანქანა დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შემთხვევაც ბიზნესის რეკეტს უკავშირდება – რადგან ვ.ა „ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული პირებისთვის ფულის გადახდაზე უარს ამბობდა, მათ დაწვეს ბიზნესმენის კუთვნილი მანქანა, რომელიც დატვირტული იყო სასურსათო პროდუქციით. მაშინ, ვ.ა ამბობდა, რომ ზარალი 15 000 ლარს აჭარბებდა.