არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ გორელი ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება წამების მუხლით დაიწყოს.
“ჩვენ ვითხოვთ:
პოლიციის იმ თანამშრომლების და თანამდებობის პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას, ვინც დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა;
მათი დაკავებას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას წამების მუხლით;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამჭვირვალე, სრულ და ეფექტიან გამოძიებას.
ჩვენ ვდგავართ ალანის ოჯახთან. ჩვენ ვწუხვართ იმიტომ, რომ ვხედავთ სახელმწიფოს ხელში მოკლულ მოქალაქეს.
სამწუხაროდ, ალანს უკვე ვეღარ გადავარჩენდით, მაგრამ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ მწამებლებს და მათ მფარველებს, და თავიდან ავიცილოთ შემდეგი მსხვერპლი“, – ნათქვამია NGO-ების ერთობლივ განცხადებაში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე აღნიშნეს, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი 7 ივნისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვიდან კომატოზურ მდგომარეობაში, გულისრევით და სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა.
“ალან ყაყიტაშვილთან ერთად გამოკითხვაზე მყოფი მეგობარი, ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოში გამოკითხვაზე განაცხადა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას ესმოდა ალან ყაყიტაშვილის „განწირული” ხმა. მისი თქმით, ხმა რომ გაჩერდა ყვირილის შემდეგ, 15-20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს.
ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოს მასზე განხორციელებული წამების შესახებაც განუცხადა. მისი თქმით, პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. პოლიციის განყოფილების იმ ოთახში, სადაც შეიყვანეს დაახლოებით ექვსი პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. გამოკითხვისას ის მძიმედ სცემეს, ძირს დაგდებულს კი ზედ ახტებოდნენ.
პოლიციის სისასტიკეზე საუბრობს კიდევ ერთი მოწმე დიმიტრი სადოევი. ისიც ყაყიტაშვილთან და ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. მან გამოძიებას განუცხადა, რომ პოლიციის უფროსის კაბინეტიდან დარტყმის და გინების ხმები ისმოდა, მაშინ როცა შიგნით ალან ყაყიტაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დიმიტრი სადოევმა დაინახა, როგორ გამოიყვანეს ნაცემ მდგომარეობაში პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ირაკლი ტატუნაშვილი – ყაყიტაშვილის გამოყვანა არ დაუნახავს. იგი წამებაში პოლიციელებს, კახა პაპინაშვილს და ლაშა ცხვიტარიას სდებს ბრალს.
სამინისტრომ საზოგადოებას წარმოუდგინა რესტორნის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რაც არარელევანტურია ყაყიტაშვილისა და სხვა გამოკითხულების წამების გამოძიებასთან საჯარო ინტერესებთან. კამერებზე ჩანს ჩხუბი, მაგრამ ასევე ჩანს, რომ ყაყიტაშვილიც და სხვა პირებიც ჯანმრთელები ტოვებენ პერიმეტრს. ეს მიუთითებს, რომ სამინისტრომ ჩხუბის კადრები პროპაგანდისტული მიზნებით გაასაჯაროვა, რათა გადაეფარა პოლიციის სამმართველოში მომხდარი წამების დანაშაული.
ალანი უკანასკნელად ცოცხალი ნახეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში. რამდენიმე საათში ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. რამდენიმე დღეში — გარდაცვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ის დაკითხვაზე გახდა შეუძლოდ. ჩვენთვის და საქართველოს საზოგადოებისთვის კი უკვე ცხადია: ალანი განყოფილებაში აწამეს.
ეს არ არის ეჭვი – ეს არის საფუძვლიანი ბრალდება, რომელიც ეფუძნება:
მოწმე ტატუნაშვილის ჩვენებას, რომლის თანახმად, პოლიციელები მასაც სცემდნენ, დივანზე ადიოდნენ და ახტებოდნენ, ხოლო ამის პარალელურად, პოლიციის შენობის სხვა ოთახიდან ესმოდა ალანის განწირული ხმა;
დამატებით მოწმეებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ალანს არ ჰქონდა გარეგანი დაზიანებები დაპატიმრებამდე, მაგრამ კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შევიდა;
და, ბოლოს, სახალხოდ ხელმისაწვდომ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ალანი შემთხვევის ადგილს დამოუკიდებლად, მოძრაობის სრული უნარით.
დღეს, 2025 წელს, პოლიციის შენობებში კვლავ კლავენ ადამიანებს. პოლიციის შენობებიდან ნაცვლად მართლმსაჯულებისა, ადამიანთა განწირული ყვირილის ხმები ისმის. ჩვენ არ დავიჯერებთ მითს “გული წაუვიდა დაკითხვისას”. მას დააკარგვინეს გონება. დააკარგვინეს სიცოცხლე.
ეს არის წამება. ეს არის ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, რომელიც სახელმწიფო ორგანოში, სახელმწიფო მსახურის ხელით განხორციელდა”, – აცხადებენ ორგანიზაციები.