დაბა სურამში, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა თბილისში გაიმართა.
პროკურორის თქმით, ძალადობის ფაქტებს ადასტურებენ დაზარალებულის დედა და არასრულწლოვანი შვილი.
„საქმეში არის ძალადობის 6 ეპიზოდი. ბრალდებულმა მეუღლის თანდასწრებით, მეტი დამაჯერებლობისთვის დამუხტულ მდგომარეობაში მოიყვანა ცეცხლსასროლი იარაღი და მიადო შუბლზე ცოლს, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ფიზიკური დაზიანებებიც ჰქონდა, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ”, – განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარე ბრალდებას არ დაეთანხმა და მოსამართლეს 7 000-ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ადვოკატი პროცესზე ამტკიცებდა, რომ ქმრის წინააღმდეგ დაზარალებულმა განქორწინების შემდეგ იჩივლა.
საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების ინფორმაციით, დაბა სურამში კრიმინალური პოლიციის დეტექტივმა მეუღლეზე იძალადა, კერძოდ, ბრალდებული პოლიციელი მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კრიმინალური პოლიციის დეტექტივს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.