შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დაკავებულები არიან 2007 წელს დაბადებული ლ.ზ. და 2008 წელს დაბადებული გ.მ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს – 2006 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ტ.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, წმინდაწყლის დასახლებაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ორივე მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.