ახალი ამბები

ხაშურის მერიამ “ოცნების” მხარდამჭერი სპორტსმენისთვის მიწის გადაცემის პროცედურები დაიწყო

ხაშურის მერიამ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი სპორტსმენისთვის მიწის გადაცემის პროცედურები დაიწყო. საუბარია ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 1 572 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე, სადაც ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენება სურს. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2024 წლის 21 თებერვალს შემოსული მოქალაქე ლუკა მაისურაძის განცხადება, რომელიც ითხოვს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 1 572 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებას სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობისთვის“, – წერია განკარგულებაში, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინა. 

დეპუტატებმა საკითხს კენჭი ბოლო სესიაზე უყარეს და მერიას ტერიტორიის განკარგვის უფლება მისცეს.

ამავე თემაზე: ხაშურის მერია სპორტ-კომპლექსის ასაშენებლად ფართს ლუკა მაისურაძეზე ასხვისებს

როგორც “მოზაიკას” მერიაში უთხრეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების დაზუსტება.

“ამ ეტაპზე ეს ტერიტორია არ არის გადაცემული. მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების დაზუსტება“, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. 

ასევე ხაშურის მერიაში გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის ასაშენებლად სპორტსმენი 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

ეს არის ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია. 20 წელია, ეს ადგილი უფუნქციო, ჩამონგრეული და ამორტიზირებულია. ინვესტორი თუ გააკეთებს ჩოგბურთის კორტებს და გამაჯანსაღებელ კომპლექს, ამაში მერიას არაფერი რესურსი არ დაეხარჯება“, – გვითხრა სერგო ლალიაშვილმა, ხაშურის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა. 

აღსანიშნავია, რომ ფართის გადაცემადე, ხაშურში ლუკა მაისურაძემ სპორტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია უკვე მოაწყო.

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულ ოცნებას” ღიად დაუჭირა მხარი – ის პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაში ხაშურის მერთან და დელეგატობის კანდიდატთან ერთად მონაწილეობდა. მანამდე კი, 2022 წელს, მაისურაძემ თენგიზ ჩიტიაშვილისგან და ზაალ დუგლაძისგან ხაშურის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.

დატოვეთ კომენტარი