“ქართული ოცნების” შემწირველმა ხაშურში 22-სართულიანი კორპუსის აშენება უნებართოდ დაიწყო.
ტერიტორია, სადაც ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება სურს, ამ დროისთვის შემოსაზღვრულია და მუშები საძირკველს ასხამენ. მიმდინარე სამუშაოების ფონზე, ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ გელაშვილის კომპანიას მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია მერიაში ამ დრომდე არ წარუდგენია.
“ვალერი გელაშვილის კომპანიას, როგორც გავარკვიე, ჯერჯერობით ნებართვის მისაღებად დოკუმენტაცია მერიაში არ წარმოუდგენიათ“, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა.
22-სართულიან კორპუსს ხაშურის ცენტრში გელაშვილის კომპანია “ტერასა ივერია” აშენებს. ბინებების გასაყიდად უკვე შეიქმნა Facebook გვერდი, სადაც წერია:
““ტერასა ივერია” დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ხაშურში ბინის შეძენის მსურველებს საუკეთესო არჩევანს სთავაზობს”.
მშენებლობის დაწყებამდე, ვალერი გელაშვილმა მრავალსართულიანი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაც გამართა და როგორც მაშინ “მოზაიკას” უთხრა, ნებართვის მიღებას ელოდებოდა.
“ჯერ ნებართვა არ მიმიღია, ველოდები, მერე რა რომ 22-სართულიან კორპუსს ვაშენებ, ბევრი მშენებლობებია ქალაქში? რატომ დაარღვევს ქალაქის იერსახეს?”, – ამბობდა 4 თვის წინ გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში, სადაც ყველაზე მაღალი შენობა 9-სართულიანია, მრავალსართულიანი კორპუსების აშენების საკითხმა წინასაარჩევნოდაც გაიჟღერა – “ოცნების” დელეგატი ზაალ დუგლაძე და ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ამომრჩეველს პირდებოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ხაშურში მრავალსართულიანი კორპუსები აშენდებოდა.
“ბატონ ვალერს მშვენიერი წამოწყება აქვს, ცენტრი რომ გალამაზდეს იმიტომ, რომ ქალაქს უხდება თანამედროვე სტანდარტების შენობები“, – ეუბნებოდა ამომრჩევლებს თენგიზ ჩიტიაშვილი.
“რა თქმა უნდა, დაიწყება ლამაზი კორპუსების მშენებლობა, რომელიც ბეტონის კი არ იქნება, ლამაზი იქნება“, – ამბობდა ზაალ დუგლაძე.
მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა ხაშურის ცენტრში ნამდვილად დაიწყო, თუმცა კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით – დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 22-სართულიანი კორპუსის აშენება უსაფრთხოა, მერიაში არ არსებობს.
__________
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილი 2012-2016 წლებში, ხაშურის მაჟორიტარი-დეპუტატი იყო. გელაშვილი “ქართულმა ოცნებამ” პარტიულ სიაში 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზეც შეიყვანა და 11 თვის განმავლობაში მე-9 მოწვევის პარლამენტარი იყო. რაც შეეხება მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 1999-2004 და 2004-2006 წლებშიც.
აღსანიშნავია, რომ იგი კენჭს იყრიდა 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებშიც, სადაც ხაშურის მერობის კანდიდატი იყო, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა და განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში “ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფდა.
გელაშვილი არის ასევე “ქართული ოცნების” შემწირველიც. მას პარტიისთვის ჯამში 150 000 ლარი აქვს შეწირული.